მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთმა ადამიანმა გააჩერა ანაკლიის პროექტი, ჩვენ დაგვიღია პირი და ვუყურებთ სეირს - ჭყონია

6156bcf56b281
თელარა გელანტია
01.10.21 11:43
25764
„დღეს ინვესტიციები არ შემოდის საქართველოში და კიდევ დიდი ხანი არ შემოვა, თუ ასე გაგრძელდა“ - ეს განცხადება ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BM.ge-სა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე საუბრისას გააკეთა და მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერება მოიყვანა. „რომელი სჯობს - გადავადება თუ გაჩერება? რა მოვიგეთ ამით? სად ვართ ჩვენ - საზოგადოება? ერთმა ადამიანმა გააჩერა და ჩვენ, საზოგადოებას დაგვიღია პირი და ვუყურებთ სეირს“, - კითხვას სვამს ბიზნესმენი.

ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია დღეს, 22:00 საათზე BMG-ის Forbes Georgia-ს სოციალური ქსელების არხებზე გავა.

გიორგი ისაკაძე: „დღეს ინვესტიციები არ შემოდის საქართველოში და კიდევ დიდი ხანი არ შემოვა, თუ ასე გაგრძელდაო“ - ინტერვიუს დასაწყისში თქვით. რა უნდა შეიცვალოს?

- გეტყვით. რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო საქართველოში ბოლო წლებში? - ეს იყო ლაზიკას პროექტი და ის რომ იმ გეგმით აშენებულიყო, რაც არსებობდა, ვგულისხმობ ქალაქს ბრიტანული იურისდიქციით, იქნებოდა „პორტო ფრანკო ბათუმის“ მსგავსი - თუ გადავხედავთ ისტორიას, „პორტო ფრანკოს“ რეჟიმის დროს ბათუმი უმდიდრესი ქალაქი იყო; შემდეგ დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობა, რომელიც ახლა გაჩერებულია, რადგან რაღაც მომენტში ეს პროექტი ვადებში ვერ ჩაჯდა; მეგობრებო, ასეთი დიდი მასშტაბის პროექტი რომ გაწერილ ვადებში ვერ ეტევა, ბუნებრივია, მით უმეტეს როცა ქართველები აკეთებენ, რადგან ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაცილებით ნაკლები აქვთ, ვიდრე - უცხოელებს. მოკლედ, პროექტის ფინანსური დახურვა რამდენჯერმე გადაუვადა სახელმწიფომ ანაკლიის კონსორციუმს და ეს ჩაითვალა დანაშაულად; იცით, ყველაზე ცუდად რა მხვდება ყურში?! - ეს გადავადებაც ისე ჩაითვალა, რომ თითქოს საჩუქარი გაუკეთეს და დააყვედრეს. ე.ი. მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო და ინვესტორს დააყვედრეს საჯარო მოხელეებმა პროექტზე, საიდანაც სახელმწიფო 10-20 წლის მერე უდიდეს სარგებელს ნახავს და რა მოხდა? - ანაკლიის პორტის მშენებლობა გაჩერდა. რომელი სჯობს - გადავადება თუ გაჩერება? რა მოვიგეთ ამით? სად ვართ ჩვენ - საზოგადოება? ერთმა ადამიანმა გააჩერა და ჩვენ, საზოგადოებას დაგვიღია პირი და ვუყურებთ სეირს.

თელარა გელანტია: ანაკლიის პორტის ნაცვლად შეგვრჩა ქვიშის მთები...

- სასტუმროები გაჩერდა ანაკლიაში, გაუბედურდა იქაურობა..

თელარა გელანტია: ასეთ დროს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ ეკისრება?

- ეს ძალიან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა.