მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიზნით გაცემული სესხის პროცენტის 9% სახელმწიფო დაასუბსიდირებს

62386a3da35cd
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 16:16
855
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ქვეკომპონენტი ემატება, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს.

სუბსიდირების ახალი პროგრამის შესახებ დეტალებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აგროკრედიტის გაცემა განკარგულების ამოქმედების შემდეგ დაიწყება და საფინანსო ინსტიტუტები სესხების გაცემა ამ პროგრამით 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.

რაც შეეხება სუბსიდირების პროგრამის პირობებს, სოფლის განვითარების სააგენტო ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით განახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 5,000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით.

„ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა)“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.