მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს 10 თვე ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობის "პარადია" - ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტი

5fcba7f2c3756
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.20 19:30
1498
ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტი დავით გზირიშვილი კოვიდ–19–ის მართვის პროცესში ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს არსებულ ეპიდსიტუაციასა და გარდაცვალების მაჩვენებელზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ამის შესახებ მან Forbes Talks-ში განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ ამ უპასუხისმგებლობის ფასს საზოგადოება გარდაცვლილთა იმ მაჩვენებლებით იხდის, რაც დღეს ქვეყანაშია.

„პირველად გაკეთდა განცხადება, რომ ამ შეზღუდვების შემდეგ ისინი ინფიცირების მაჩვენებლის 2 000-მდე შემცირებას ვარაუდობენ. თუ ეს ნიშნული ამ დონემდე არ შემცირდება, აღმოჩნდება რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყო უშედეგო.

დღემდე რჩება ღიად კითხვა - რა სახით და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? აქამდე იმდენი ცალსახა შეცდომა იყო დაშვებული, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმუმ გამოიხატა „უი, შეგვეშალა ბოდიშის“ თქმით.

შეზღუდვების დაწესებამდე მეტროში ჩადიოდა 200 თუ 300 ათასი ადამიანი, ამდენი ადამიანი, როგორც წელს, პოლიტიკურ მიტინგებზე 10 წელია არ შეკრებილა ალბათ, მე პოლიტიკური პროცესების მაგ ნაწილს ვერ დავაბრალებ ინფიცირების მაჩვენებლის მომატებას. ის, რომ ეს შეზღუდვები არ დაიწყო არჩევნებამდე, ამის საფასურია დღეს რა მდგომარეობაშიც ვართ... კომპლექსურ ანალიზში მარტო კოვიდით დაღუპულები არ უნდა დავითვალოთ, იმდენი ადამიანია პარალელურად გარდაცვლილი იმის გამო, რომ დროული სამედიცინო მომსახურება ვერ გაუწია სისტემამ... ეს 10 თვე უპასუხისმგებლობის აბსოლუტური "პარადია"“, - ამბობს დავით გზირიშვილი.

ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მთავრობას დღემდე უნდა გამოექვეყნებინა კოვიდის მართვის სამოქმედო გეგმაც.

„რატომ არ ჩათვალა მთავრობამ საჭიროდ, რომ გამოექვეყნებინა ჩამონათვალი, რომ მაგალითად საუბარი იყო 14 სახის ჩარევასა და შეზღუდვაზე და ეთქვა, რომ სხვადასხვა არგუმენტის გამო შეჯერდნენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე. ნუთუ ამას არ იმსახურებს საზოგადოება? ამით იმას გავიგებთ, რა გაბედეს და რა ვერ“, - აღნიშნავს ის.

დავით გზირიშვილი ხელისუფლებას ეპიდემიის მართვას უწუნებს და პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

„მართვა ისევ ისეთი მახინჯია. პასუხისმგებლობები არის ანეგდოტური და საერთოდ არ არის. იმ შეხვედრებმა, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები ესწრებოდნენ, გამახსენა "პერესტროიკის" დროს შეხვედრები მეცნიერებთან, სადაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მეცნიერები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ამ ადამიანების მიერ გაწეული რეკომენდაციებიდან თავად ეს ადამიანები ვერ გეტყვიან – რომელი გაითვალისწინა ხელისუფლებამ და რომელი - არა. ჩემთვის სამწუხაროდ, არაფერი იცვლება, ფასს იხდის ხალხი თავისი ტკივილით, რაზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს“, - განაცხადა გზირიშვილმა.