მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არ არის პრინციპიდან გადახვევა" - როგორ განმარტავს სებ-ი რეგულაციების შერბილებას

5e70a20274bab
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.20 19:50
1546
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესებში შესული ცვლილებები გაასაჯაროვა. ცვლილებების შედეგად, 15 აპრილიდან, საბანკო რეგულაციები, რომლებიც მთელი 2019 წლის განმავლობაში მოქმედებდა, გამარტივდება. იცვლება შემოსავლების დადასტურების სტანდარტები, ასევე სესხის გაცემის საშემოსავლო კატეგორიების რაოდენობა 4-დან 2-მდე მცირდება. იზრდება იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადიანობა და ის 20 წლით განისაზღვრება, ბანკებს კი გადაწყვეტილების მიღებისას მეტი მოქნილობა მიეცემათ. 

ცვლილებები დღეს Facebook პირდაპირი ჩართვის მეშვეობით ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ წარადგინა და მაყურებელთა მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ლეჟავას განცხადებით, შეტანილი ცვლილებებით, პირვანდელი რეგულაციის "პრინციპებიდან გადახვევა" არ ხდება. 

BMG:  მხოლოდ 2 საშემოსავლო კატეგორია დარჩა ანუ სებ-ს მიაჩნია, რომ ბანკები თავად უკეთ განსაზღვრავენ PTI კოეფეიციანტებს და მოსახლეობას არ სჭირდება ჭარბვალიანობისგან დაცა? 

პაპუნა ლეჟავა: კითხვა რიტორიკულია. მოსახლეობას ჭარბვალიანობისგან დაცვა სჭირდება და როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ეს ცვლილებები არ მოიაზრებს ამ პრინციპისგან გადახვევას. პირიქით, მთავარი პრინციპი, რომ სესხი უნდა გაიცეს ისეთ მსესხებელზე, რომელსაც ვალის მომსახურება განსაკუთრებული სირთულის გარეშე შეეძლება, რჩება უცვლელი. რაც შეეხება სებ-სა და ბანკებს შორის ვინ უკეთ განსაზღვრავს PTI კოეფიციენტებს, ეს ალბათ უფრო დაბალანსებული უნდა იყოს. ამ მიზნით შემოვიღეთ ჩვენ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო, მაგრამ რისკების მართვა და დაკრედიტება ასევე არის ბანკებისა და მიკროსაფინანსოების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ფუნქცია კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს როგორც - მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ასევე - ბანკებში. ამიტომაც გვაქვს საუბარი კორპორაციული მართვის მინიმალურ სტანდარტებზე, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა. ჩვენ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს ვაძლევთ მეტ მოქნილობას თავად განსაზღვრონ მსესხებლის გადახდისუნარიანობა,"- ამბობს პაპუნა ლეჟავა. 

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის ვიდეომიმართვა:



7 ძირითადი ცვლილება, რაც "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში შევიდა:

1. იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი..
2. უქმდება სესხის მომსახურები კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: PTI დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება.
3. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ქვემოთ მოცემული ცხრილი N1-ის მიხედვით, ოთხიდან ორამდე მცირდება. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას:



4. იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება.
5. საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.
6. რეგულაცია აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა 1 მილიონ ლარზე მეტია (ნაცვლად 2 მილიონი ლარისა) ან რომლებიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს ("ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
7. რისკების ფუნქციის გაძლიერების მიზნით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციულ მართვის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს აღნიშნული დებულების დაცვის უზრუნველყოფას, როლების და პასუხისმგებლობების განაწილებას "დაცვის სამი ხაზის“ (ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი) პრინციპის გამოყენებით.