მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს არის ჯანდაცვის მინისტრის ახირება და თავნებობა“ - კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

5f11dab89675c
თელარა გელანტია
17.07.20 23:10
1902
"თითქმის არ დარჩა პრობლემური საკითხი, რაზეც არ შევჯერდით“, - ეს განცხადება საქართველოს კარდიოლოგია ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ ჩუხრუკიძემ დღის პირველ ნახევარში პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს.

დღესვე გაიმართა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიღება; შემდეგ იყო ისევ ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენა და ბოლოს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უნდა ეყარათ კენჭი, მაგრამ კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს არ დაამტკიცებდნენ.

„გარკვეული კონსულტაციებისთვის გამოიკვეთა დროის საჭიროება და მინდა, გთხოვოთ, მესამე მოსმენის გადავადება", - ამ სიტყვებით მიმართა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ არჩილ თალაკვაძეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს პრობლემა არ იქნებოდა და კენჭისყრაც გადაიდო.

თემაზე Bm.ge თამარ გაბუნიას ესაუბრა, მაგრამ ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი, რა იყო ძირითადი მიზეზები, რის გამოც კანონი დღეს არ მიიღეს, თუმცა მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ შუალედში ეკატერინე ტიკარაძეს ესაუბრა.

კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის პლენარულ სხდომაზე არგატანის კონკრეტული მიზეზი უცნობია კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტისთვისაც. არჩილ ჩუხრუკიძე ამბობს, რომ მას თამარ გაბუნიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს და არც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან დიმიტრი ხუნდაძესთანაც უკონტაქტია. ეს უკანასკენლი კი bm.ge-ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

„როგორც ჩანს, ჯანდაცვის მინისტრს არ მოეწონა ის დათმობები, რაზეც მისი მოადგილე თამარ გაბუნია და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე წამოვიდნენ; ჩვენც დავთმეთ რაღაც საკითხები და ასე მივედით კონსესუსამდე, მაგრამ აბსოლუტურად მოულოდნელად ვიგებთ, რომ კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭი არ უყარეს. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, რადგან თავად ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვდა დაჩქარებული წესით განხილვას და ბოლო მოსმენის გადავადება თავად მოითხოვეს. რამდენადაც გავარკვიე, ახლა რჩება ორი ვარიანტი - ან საერთოდ უკან უნდა გაიწვიოს სამინისტრომ ეს კანონპროექტი ან დააბრუნოს მეორე მოსმენაზე, რაც ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. არ ვიცი, ამ ყველაფერს რა სახელი დავარქვა - ეს არის შეუთანხმებლობა, მინისტრის ახირება, მინისტრის თავნებობა, არდამორჩილება პარლამენტის მიმართ.

მარტო ის ფაქტი, რომ ეკატერინე ტიკარაძე არ მიბრძანდება პარლამენტში, მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთოდ უგულებელყოფს საზოგადოებას, სამედიცინო პერსონალს, პარლამენტის წევრებს, თავისი გუნდის წევრებს. ამას სხვა შეფასება არ აქვს. კიდევ ერთხელ განვმეოდები, ის, რაც დღეს მოხდა, ძალიან ცუდი პრეცედენტია, რადგან სამედიცინო საზოგადოებასთან შეთანხმებული და თითქმის ყველა მხარის მიერ მოწონებული კანონპროექტი, რაზეც დადებითი შეფასებები მეც გავაკეთე, ფეხებზე დაიკიდეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს სამედიცინო საზოგადოების მიმართ სამინისტროს დამოკიდებულებას“, - აცხადებს bm.ge-ისთან არჩილ ჩუხრუკიძე.

რაც შეეხება იმას, ხომ არ გადაიწევს "ჯანდაცვის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცება საშემოდგომო სესიისთვის, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნული არ იგეგმება და კანონს შემდეგ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ. ცნობისთვის: პარლამენტის 29 ივნისიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დღეს დაასრულა, თუმცა არაა გამორიცხული დამატებითი რიგგარეშე სხდომები კიდევ ჩაინიშნოს.

ცნობისთვის: პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დამტკიცებული ვარიანტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც მარეგულირებელს კლინიკების სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმების უფლებამოსილებას აძლევდა. სამინისტრო დათმობაზე წავიდა საჯარიმო სანქციების ნაწილშიც და რიგ პუნქტებში მოიხსნა ქვედა ზღვარი, რითაც სასამართლოს შეუძლია დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განსაზღვროს რა მოცულობის სანქციას დააკისრებს კლინიკებს. ასევე, 20-დან 5 დღემდე შემცირდა სალიცენზიო პირობების შესრულების გადამოწმებისთვის მარეგულირებლის მიერ კლინიკაში შესვლის დრო. საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ნაწილში კი, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გაიზიარა ბიზნესის მოთხოვნა, და ეს დისკრეციული უფლება კვლავ მარეგულირებელს დარჩა, თუმცა როგორც ახლა, სააგენტომ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს.