მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს არის უსამართლობა”- გიგა ბედინეიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის შეღავათის დაწესებაზე

60faf73fe766c
ანუკა ჯოხაძე
24.07.21 11:40
1209
პარლამენტმა სახელისუფლებო პარტიის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც საკუთრებაში, ასევე სარგებლობაში არსებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. მსგავსი შეღავათი მათ აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ ამ ინიციატივით ფართოვდება საშეღავათო არეალი. თუ მანამდე გადასახადისაგან განთავისუფლება ეხებოდა მხოლოდ საკუთრებაში არსებულ ქონებას, ამ ინიციატივის მიხედვით უკვე არ დაიბეგრება სარგებლობაში არსებული ქონებაც. საგადასახადო შეღავათი გავრცელდება აგრეთვე ამ დაწესებულებების მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე, თუ გადაცემული უძრავი ქონება საგანმანათლებლო საქმიანობაში გამოიყენება.

კანონპროექტის ავტორები ხსნიან, რომ აღნიშნული ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებს საშუალებას მისცემს, რომ ფინანსები გამოათავისუფლონ და ამ რესურსით განათლების ხარისხი გააუმჯობესონ. აღნიშნულს არ ეთანხმებიან კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ეს ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. მისი თქმით, დაწესებული შეღავათით კიდევ უფრო მეტად არაკონკურენტულ პირობებში მოუწევთ ფუნქციონირების გაგრძელება კერძო და სახელმწიფო უმაღლესს სასწავლებლებს.

“ფინანსური დახმარება კი არ არის განათლების პრობლემა ამ სიტუაციაში, არამედ პრობლემაა არაპროდუქტიულად, არასწორად და არაკონკურენტულად მართული უნივერსიტეტებისთვის ფულის მიყრა, ბიუჯეტიდან ასიგნაციების სახით. ახლა მაგალითად ეს მოხდა გადასახადების შემცირებით. ეს არის უსამართლო, კონტრპროდუქტიული და გადასახადების გადამხდელების არასწორად დახარჯული ფულის მაგალითი", - აცხადებს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი.

ცნობისთვის, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტი გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჯამურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდება დაახლოებით 11.9 მლნ ლარით, ხოლო წლიური გავლენა 2.97 მლნ ლარი იქნება.

დაშვებას კანონპროექტის ავტორები 2020 წელს დარიცხული ქონების გადასახადზე დაყრდნობით აკეთებენ, რომელიც ყველაზე მეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში იყო.