მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენთან წააგო“ - მამუკა ხაზარაძე

61dd2eed0eb92
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 11:20
846
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა იმართება. სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული შოუა, რომელიც მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, მათ უკვე მოიგეს.

„როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა, გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო, რადგან ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ გაგვაჩერა და უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩემს თანაგუნდელებს, ბადრის (ჯაფარიძეს) - რა თქმა უნდა,  გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს არის მისი და მისი დამქაშების მიერ დადგმული შოუ იმისთვის, რომ გადაიფაროს ის მძიმე მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია - სიღატაკე, გაჭირვება, ემიგრაცია. აქ არ ეხება საკითხი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც აუცილებლად თქვენთან ერთად დავაყენებთ ფეხზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.