მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებაა“ - მევენახე „რთველი 2021“-ის კადასტრის საფუძველზე ჩატარებაზე

60ca09d475c38
მარიამ იზორია
17.06.21 10:15
1816
ღვინის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მევენახეები წელს ღვინის საწარმოებს ყურძენს საკადასტრო ამონაწერის გარეშე ვეღარ ჩააბარებენ. ამის გათვალისწინებით მევენახეებს ერთიან კადასტრში ვენახების დარეგისტრირება და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მოუწევთ.

აღნიშნულ ცვლილებას დარგის წარმომადგენელი მევენახე ოთარ ბერძენიშვილი უარყოფითად აფასებს და „საქმის კურსთან“ იმ შედეგებზე საუბრობს, რასაც კონკრეტული რეგულაცია გამოიწვევს. მევენახე მიიჩნევს, რომ ერთიანი კადასტრის პროგრამის საფუძველზე რთველი 2021-ის წარმოება მეწარმეებს ყურძნის ჩაბარებაში ხელს შეუშლის და გამოსავალი პროდუქტის სხვა პიროვნების საკადასტრო კოდით ჩაბარება იქნება.

„ეს გადაწყვეტილება დაუფიქრებელია; მეწარმეები ინფორმირებულები არ ვიყავით და მედიის საშუალებით გავიგეთ... როგორ შეიძლება, რომ მიღებული მოსავალი არ ჩაიბარო, მესმის ხარისხი გააკონტროლო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ბარაქის დაწუნება არ შეიძლება, სად უნდა წაიღოს პირობითად 10 ტონა დაურეგისტრირებელი მიწიდან აღებული ყურძენი მევენახემ? გასულ წლებში მთავრობა გვეხმარებოდა და დასეტყვილ თუ უხარისხო ყურძენს იღებდა და სპირტს ხდიდა, მაგაზე მადლიერების მეტი არაფერი გვეთქმის, ახლა გლეხის საწინააღმდეგოს აკეთებენ.
ამას სჯობს მთავრობა ხალხს მიწების გაფორმებაში დაეხმაროს; როგორც თვითონ ამბობენ, რეგისტრაცია გაამარტივეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, თუ ამ პრობლემას არ მიხედავენ, ეს ორ რამეს გამოიწვევს, პირველი - მევენახე ყურძენს ვეღარ ჩააბარებს და მეორე - სხვა ადამიანის მიწის საკადასტრო ამონაწერით ჩააბარებს და ამას ვერავინ გააკონტროლებს“, - აცხადებს ოთარ ბერძენიშვილი.

ერთიანი კადასტრის საფუძველზე რთველის ჩატარების შესახებ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ BM.GE-ისთან განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიზანი რთველის პროცესის გამართვა და ვენახების მიკვლევადობის გაზრდაა, რის გამოც მიმდინარე წელს რთველი ამ მექანიზმით ჩატარდება. მისივე თქმით, გასულ წელს რთველი ერთიანი კადასტრის საფუძველზე ყვარელსა და გურჯაანში ჩატარდა. ლევან მეხუზლა ირწმუნება, რომ სახელმწიფო აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას თებერვლიდან ახორციელებს. ის მევენახეებს პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.