მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეს დიდი ხარვეზია, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია”-ნიკა ნანუაშვილი საპოლიციო წესის გაუქმებაზე

636912aee7fc9
ანუკა ჯოხაძე
07.11.22 21:22
731
უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია საქართველოს მთავრობას საპოლიციო წესის აღსადგენად საკანონმდებლო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს. ამის შესახებ გაერთიანების მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ასოციაციის მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გააქტიურებულმა მიგრაციამ საქართველოს დიდ ქალაქებში გასაქირავებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რადგან ურჩი გადამხდელების შესახებ ფაქტები გახშირდა. 

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის შემდეგ 2015 წელს გაუქმებული ამ ნორმის აღდგენის საჭიროებაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც საუბრობენ.

ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუშვილი ამბობს, რომ დღეს ბინის მესაკუთრე ურჩ გადამხდელთან პრობლემის მოგვარებას სასამართლო გზით ცდილობს, რაც ხშირად წლობით გრძელდება. შესაბამისად, ფართების მესაკუთრეები კუთვნილი ქონების დაბრუნებას წლობით ვერ ახერხებენ. ნანუაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები სასწრაფოდ მისაღებია.

“ნებისმიერ შემთხვევაში დღეს, მიუხედავად სამართლებრივი საფუძვლისა, მესაკუთრეს უწევს სასამართლოში წასვლა. ეს დაკავშირებულია ხარჯებთან, რომლის პრაქტიკული შედეგი ხშირად არაპროგნოზირებადია. დავების 99% მესაკუთრის სასარგებლოდ კი წყდება, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში საკუთრების უფლება, რომლის რეალიზაციასაც მესაკუთრე ვერ ახდენს, პრაქტიკულად ჰაერშია. მესაკუთრისთვის არ არსებობს პრაქტიკული მექანიზმი, რომ კომპენსაცია მიიღოს, დამქირავებელს არ აქვს არანაირი ქონება ან ფინანსური სახსრები, რომლის ხარჯზეც აღსრულება მოხდება. მესაკუთრე 2-3 წლის განმავლობაში მესამე პირს ამ ქონების სარგებლობის უფლებას ჩუქნის, რაც არასწორია. ეს საკუთრების უფლების განხორციელებაში ძალიან დიდი ხარვეზია, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია,”- ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუშვილი.

ცნობისთვის: ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წელს „ქართული ოცნების“ პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა. თუ 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი.