მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს დრო ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად უნდა გამოვიყენოთ“ - გიორგი ჯახუტაშვილი

6250106308463
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.22 22:40
1619
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ეს დრო უნდა გამოიყენოს და რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე, ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები გააღრმავოს. ამის შესახებ გიორგი ჯახუტაშვილმა 7 აპრილს, საქართველოში ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური მისიის ფარგლებში გამართულ ქართულ-ყაზახურ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.

მან ამ რთულ ვითარებაში ბიზნეს ფორუმის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა ბრძოლას თავისი მიმართულება აქვს, ყაზახეთი და საქართველო კი დღეს ეკონომიკურ ბრძოლაში ჩართული მხარეები არიან. 

„საქართველოს და ყაზახეთს ექსპორტის და იმპორტის დივერსიფიკაცია სჭირდება. ფორუმზე ჩამოსული კომპანიების 80% საკვები პროდუქტების მწარმოებლები არიან, როგორიც არის მარილის, ზეთის, ფქვილის და ბურღულის ნაწარმი, რაც სამომხმარებლო კალათის შემადგენელი ნაწილია. ამ პროდუქტების გაიაფება და ფასის შენარჩუნენა კი საქართველოს მიზანი ნამდვილად არის.

ჩვენ აუცილებლად დავაორგანიზებთ უმოკლეს პერიოდში ქართულ მისიას ყაზახეთში, რა დროსაც ქართველ მწარმოებლებს და სერვისის მიმწოდებლებს წავიყვანთ და ყაზახ პოტენციურ პარტნიორებს გავაცნობთ. ეს აქტივობა მნიშვნელოვანია ჩვენი და ყაზახური პროდუქტების კონკურენტუნარიანობისთვის, რასაც ხელს ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები უშლის. ტრანსპორტირების გაიაფება დამოკიდებულია ორმხრივი ვაჭრობის მოცულობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პროაქტიული შრომა იქნება მიმართული ვაჭრობაზე, რათა მეტი ქართველი ექსპორტიორი გავაცნოთ ყაზახეთს და პირიქით“, - აღნიშნა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, იმისთვის რომ ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკის ხარჯები შემცირდეს და სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს, ქართველმა ექსპორტიორებმა ყაზახური ბაზრის თავისებურებებზე მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ.  

„სავაჭრო კუთხით ბარიერები ფაქტობრივად არ არსებობს. ერთ-ერთი ბარიერი ცნობიერების ამაღლებაა. ბევრი ქართველი იმპორტიორი, სხვა ქვეყნებიდან იმპორტის სიმარტივის გამო, ყაზახური მწარმოებლების მიმართ ინტერესს არ გამოხატავდა. არადა ამ კუთხით პოტენციალი დიდია. ყაზახეთი ფაქტობრივად შუა აზიის ჰაბია და ეს ძალიან კარგი ბაზარია საქართველოსთვის, ამასთან ევროკავშირის ბაზართან შედარებით, მოთხოვნები პროდუქტების მიმართ გაცილებით ნაკლებია.

ქართული პროდუქტი ყაზახურ ბაზარზე შესასვლელად მზად არის, თუმცა ქართველი ექსპორტიორები უნდა შევამზადოთ იმისთვის, რომ გეგმაზომიერად შეძლონ მიწოდება. პირველი ნაბიჯი ნაცნობობის გაღრმავება და შემდეგ ამის კოორდინაციაა.

ბიზნეს ფორუმზე ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის ექსპორტის 5 ხელშეკრულება გაფორმდა ე.ი. სატრანსპორტო ბარიერებიც გადაილახება. შეინიშნება ორმხრივი მოძრაობა ფოთის პორტიდან შუა აზიაში ნაყარი - მარცვლეული ტვირთების გადაზიდვა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ანალოგიურად შუა აზიიდან ტვირთები წამოვიღოთ. ეს პრეცენდენტი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ეს მომენტუმი და ყაზახეთიდან გარკვეული რაოდენობის ტვირთი მოვიზიდოთ, რაც შუა დერეფნის მდგრადობისთვის აუცილებელია“, - თქვა ჯახუტაშვილმა.

BM.GE-ის კითხვაზე - რამდენი ქულით აფასებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შექმნიდან 1 წლის შემდეგ მისი ხელმძღვანელი ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობას, გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ პროგრესი მცირეა, თუმცა კავშირების გაღრმავების მიმართულებით აქტივობას გააგრძელებენ.

„საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობაში წინსვლა არის, თუმცა ახლა ამ ურთიერთობას 10-დან 1.1 ქულით შევაფასებდი. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე პროგრესიც კი ურთიერთობებისას მნიშვნელოვანია. ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებთ პროგრესირებას“, - თქვა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის: 6-8 აპრილს გამართული ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების გზით ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად. საქართველოში ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური მისია ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის ორგანიზებითა და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა. ყაზახური მხარის ინფორმაციით, ფორუმის დროს ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის 5 საექსპორტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ყაზახეთიდან საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების შემოტანას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჯახუტაშვილმა საქართველოში გამართული ყაზახური ბიზნეს ფორუმის შემდეგ, მიმდინარე წელს ყაზახეთში ქართული მისიის ვიზიტიც დააანონსა.