09.დეკემბერი .2021 12:49

ეს გადაწყვეტილება მდიდარს უფრო გაამდიდრებს, ღარიბს კი გააღარიბებს - დაუშვილი სებ-ს მიმართავს

ეს გადაწყვეტილება მდიდარს უფრო გაამდიდრებს, ღარიბს კი გააღარიბებს - დაუშვილი სებ-ს მიმართავს
views 3145
უკან

მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გააუქმოს დისკრიმინაციული რეგულაცია, - ასე ეხმაურება კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი ეროვნული ბანკის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას. საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული. ცვლილებები ძალაში 2022 წლიდან შევა.

„გუშინ ეროვნულმა ბანკმა ლარში სესხები კიდევ ერთხელ გააძვირა. ახლა კომერციული ბანკებიდან ლარში აღებულ სესხში მინუმუმ 13-14%-ის გადახდა მოგიწევთ, მაშინ როცა ევროში სესხის პროცენტის განაკვეთი არის 5%, ანუ თითქმის 3-ჯერ უფრო ნაკლები. თითქოს ლოგიკურია, რომ მსესხებელს ხელს უნდა აძლევდეს სესხის ევროში აღება და ნამდვილად ასეა, მაგრამ აქ იგი აწყდება ეროვნული ბანკის მიერ, ე.წ. ლარიზაციის მიზნით, დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კრძალავს 200 000 ლარზე ნაკლები სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემას. ეს შეზღუდვა ნაკლებად ეხება დიდ კომპანიებს და მდიდარ ადამიანებს.

ისინი რა თქმა უნდა ისარგებლებენ ამ პრივილეგიით და სესხს უცხოურ ვალუტაში აიღებენ, ხოლო რაც შეეხება პატარა კომპანიებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, მათ მოუწევთ სესხის ლარში აღება და სამმაგი პროცენტის გადახდა. ეს არის კლასიკური მაგალითი მდიდრის უფრო გამდიდრების და ღარიბის უფრო გაღარიბების. მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გააუქმოს ეს დისკრიმინაციული რეგულაცია და ყველას დაუბრუნოს სესხის მისთვის სასურველ ვალუტაში აღების არჩევანის თავისუფლება“, - წერს დაუშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა