29.ივლისი .2021 13:41

„ეს იქნება კატასტროფა“ - ვატო ასათაშვილი რუსეთში ფრენების შესაძლო აღდგენაზე

„ეს იქნება კატასტროფა“ - ვატო ასათაშვილი რუსეთში ფრენების შესაძლო აღდგენაზე
views 10936
უკან

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააჟღერა. საქმე ის არის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა. ავიაემბარგოს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოდან რუსეთის დუმას დეპუტატი სერგეი გავრილოვი დელეგაციასთან ერთად დროზე ადრე გაუშვეს. ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა მაშინ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ფრენების აღდგენას გარკვეული პირობების სანაცვლოდ ითხოვდა და ერთ-ერთი პირობა ანტირუსული გამოვლინებების გავრცელების შეწყვეტა იყო.

"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი bm.ge-სთან მოლაპარაკებებს და პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს „კატასტროფად“ აფასებს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის კატასტროფა. უკვე წლებია ვიხვეწებით, რომ ნუ ხარჯავენ ფულს რუსეთზე და ნუ კიდებენ ქართულ ბაზარს რუსულზე. გვიხაროდა კიდეც რუსეთმა რომ ჩაკეტა საზღვრები, რადგან ეს უნდა ყოფილიყო ზოგიერთებისთვის ცივი წყალის გადასხმა და გამოფხიზლებაში უნდა დახმარებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის ხალხი საქართველოში, რომელსაც ძალიან უნდა, რომ რუსეთზე იმუშაონ. თუ გავითვალისწინებთ პანდემიას და იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რაც დღეს რუსეთს აქვს, ეს იქნება დამანგრეველი. საკითხის მეორე ნაწილი არის პოლიტიკური ვითარება. არ მგონია სწორი, რომ როცა რუსეთს „გაუსწორდება“ ჩაგვიკეტავს ბაზარს და როცა უნდა გაგვიხსნის. მომხრე ვარ, რომ რუსული ბაზარი საერთოდ იყოს ჩაკეტილი და დავანებოთ თავი როგორც ქართველმა ტურ-ოპერატორებმა, ისე ტურიზმის ადმინისტრაციამ“, - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არა რუსულ ბაზარს, ასათაშვილი სამ ფაქტორს ასახელებს. მათგან ერთია, რომ „ეს ნიშნავს რუსული ბაზარი არის დაბალ გადამხდელუნარიანი და საბოლოო ჯამში ტურიზმისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არანაირი სიკეთე არ მოაქვს“.

„რუსულ ბაზარზე დაბრუნება უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ გაიზრდება ქართული საზოგადოების დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, რაც არ გვინდა. მეორე, რუსული ბაზარი არის დაბალ გადამხდელუნარიანი და საბოლოო ჯამში ტურიზმისთვის არანაირი სიკეთე გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოაქვს და მესამე, ვინც არის მაღალ გადამხდელუნარიანი და ვისზეც ვიცით, რომ საქართველოში ჩამოდიან, ისინი მაინც პოულობენ გზას ჩამოსასვლელად. მაგალითად გავრილოვი და პოზნერი როცა უნდათ მაშინ ჩამოდიან“, - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

ის ტურიზმის ადმინისტრაციას და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, ტურიზმის პოლიტიკა  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ.

ვატო ასათაშვილის თქმით, დღესდღეობით პრობლემა არის ის, რომ ძალიან ცოტა ტურისტი გვყავს და კონკურენცია მაღალია, ამიტომ ნებისმიერი ახალი გახსნილ ბაზარს დაიტაცებენ ოპერატორები და ამაზე უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ბაზარი არ გაიხსნას.

„შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ რუსეთში საავიაციო ბაზრის გახსნით ტურიზმზე საუბარი არარელევანტურია“, - აღნიშნა ასათაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა