28.აპრილი .2020 23:12

“ეს იქნება საქართველოს ტრენდი” - რიგი პაციენტები რეაბილიტაციას აბასთუმანში გაივლიან

views 740
უკან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტები, რომლებსაც დიდი ხნით უწევთ სტაციონარში ყოფნა, შეძლებენ საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია. ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა განიხილეს კლინიკურ ჯგუფთან ერთად.

„ეს ინიციატივა მივიღეთ და ვთვლით, რომ არის ძალიან სწორი და კარგი რეკომენდაცია. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ასეთი პაციენტები შეძლებენ, საკურორტო ზონაში გაიარონ დამატებითი რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკურორტო ზონა იქნება აბასთუმნის კლინიკა, რომელიც პირველივე დღიდან არის მობილიზებული, როგორც საკარანტინო ზონა და შემდეგ უკვე ჰქონდა ცხელების კლინიკის სტატუსიც. მაგრამ გარემო პირობებიდან გამომდინარე, კოლეგებთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური იქნებოდა პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის მათი იქ განთავსება. შემდეგ დღეებში უკვე ველოდებით იმ პაციენტების სახელობით სიას, რომელთა მკურნალობაც გახანგრძლივდა 14 დღეზე მეტი, მათ არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა, მათი პასუხი არის სუსტი დადებითი და საჭიროებენ მხოლოდ ექიმების მეთვალყურეობას. უბრალოდ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვირუსის ქცევა, მისი გავრცელება და გადადების კოეფიციენტი, როგორია ასეთ პაციენტებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პაციენტის სასარგებლოდ, უსაფრთხოების გამო, ეს პაციენტები გადავიყვანოთ აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში და იქ განაგრძონ შემდეგი მეთვალყურეობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ის ელოდება რიცხვის დაზუსტებას თუ რამდენი მსგავსი პაციენტია ჯამში. ხოლო მას შემდეგ რაც ეს ცნობილი გახდება, დაიწყება დამატებითი ობიექტების ძიება აბასთუმნის გარდა.

"სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ტრენდი, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც დაინერგება", – აღნიშნა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა