მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იყო შემთხვევით დარჩენილი" - ზუმბურიძის თქმით, როუმინგზე 29,000 შემთხვევით დაეხარჯა

5d9b7c002a15e
შოთა ტყეშელაშვილი
07.10.19 21:50
4852
სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი CEO სულხან ზუმბურიძე აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პასუხობს და ამბობს, რომ როუმინგის 29,000-ლარიანი ხარჯი, რომელიც აუდიტის ანგარიშში არის ასახული, შემთხვევით დაეხარჯა. შეგახსენებთ, რომ ელექტროსისტემის აუდიტის მიხედვით, ზუმბურიძის როუმინგის ჯამურმა ხარჯმა 2014-2017 წლებში 156,000 ლარი შეადგინა, ხოლო კონკრეტულად 2014 წლის აგვისტოს 5 დღის განმავლობაში “სახელმწიფო ელექტროსისტემის” მაშინდელი CEO-ს სატელეფონო ქვითარმა - 29,254 ლარი. ამ ხარჯს აუდიტის სამსახური არაგონივრულს უწოდებს. თავად სულხან ზუმბურიძე კი ამბობს, რომ მას 29,000 ლარი შემთხვევით დაეხარჯა.

“წარმოდგენაც არ მქონდა ეს 29,000 ლარი როგორ დაგროვდა,” - ამბობს ზუმბურიძე გადაცემა "საქმის კურსში".

ზუმბურიძემ განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები სხვა ადამიანებსაც შემთხვევიათ, როდესაც როუმინგის გამო, მათ მოულოდნელად სოლიდური თანხის გადახდა მოუწიათ:

“რაც შეეხება როუმინგის ნაწილს, იყო ეს ფაქტი, 5 დღეში ვამბობთ, რომ არის 29,000 ლარი დახარჯული. ალბათ ყველას წარმოგვიდგენია, რომ სულაც 24 საათი ადამიანი ტელეფონზე რომ იყოს, ამდენს ვერ დააგროვებს. ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ამ ქვეყანაში მომხდარა ამგვარი ფაქტები დატას გამო, თუ დარჩა ადამიანს ჩართული და იყო პერიოდი, როდესაც ოპერატორები ვერ აფრთხილებდნენ ამის შესახებ მომხმარებელს და ლაივ რეჟიმში არ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ოპერატორებს შორის. ეს გროვდებოდა, ავტომატურად. ახლა უკვე გამოსწორდა ეს ხარვეზი, თუ შემთხვევით ჩაგერთო ეს დატა", - ამბობს ზუმბურიძე.

ელექტროსისტემის ყოფილი უფროსი ასევე იხსნებს, რომ აუდიტის სამსახურმა აღნიშნული ანგარიში მათ ჯერ კიდევ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში წარუდგინა, რაზეც ელექტროსისტემამ შესაბამისი განმარტებებიც გააკეთა, თუმცა ისინი საბოლოოდ დოკუმენტში ასახული არაა:

“აქაც [აუდიტის მიმართ] თხოვნა იყო, მოდით შევამოწმოთ, საიდან მოვიდა ეს 29,000 ლარი და ვთქვათ, რომ ილაპარაკა ადამიანმა 24 საათი, 5 დღე განუწყვეტლად და აქედან დაგროვდა.

რასაკვირველია, ეს ასე არ არის. გეთანხმებით, ფაქტი ცუდია, ეს არ არის განზრახ მომხდარი ფაქტი. რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ ახალი ტექნოლოგიები განვითარდებოდა, ახლა თუ კომუნიკაცია WhatsApp-ით არის ძირითადად... მოდით ამოვიღოთ, საშუალოდ რამდენს ლაპარაკობდა ეს ადამიანი და მენეჯმენტი, იქ ნახავთ, რომ არაფერია განსაკუთრებული. ეს იყო გარემოება მაშინ, რომელიც არ არის კარგი გარემოება. დამერწმუნეთ, ეს არ არის მიზანმიმართულად, განზრახ გაკეთებული. წარმოდგენაც არ მქონდა ეს 29,000 ლარი როგორ დაგროვდა. რახან არის, არის. ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და როგორი სანქციები დავაწესოთ ვთქვათ, მაგრამ ამის დაპირისპირება და ფაქტების მოყვანა ერთიანად, რომ “29 ათასის ილაპარაკა, შემდეგ პრემიები გასცა და ამ დროს იყო ზარალიანი", არის არასწორი. სამართლიანობა მოითხოვდა ალბათ, რომ ჩვენი ან ალტერნატიული პოზიციაც იყოს გაზიარებული ან ერთი სიტყვით მაინც ეთქვა აუდიტის სამსახურს, რომ კი ბატონო, ჩვენ ამას ვამბობთ, მაგრამ ელექტროსისტემის პოზიცია არის შემდეგი,” - ამბობს სულხან ზუმბურიძე.

სულხან ზუმბურიძე "საქმის კურსში"





ელექტროსისტემა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოა. კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ეკუთვნის, ჯამური აქტივების ღირებულება კი, 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო.