მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს სამი ადამიანი გვერდში მედგა" - ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს არჩევნებს იხსენებს

5ebfd365909d2
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.20 20:10
2403
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი “Forbes Talk”-ში UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე 3 წლის წინ მიმდინარე არჩევნების პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ მას ამ პერიოდში დიდი დახმარება აღმოუჩინეს მაშინდელმა პრემიერი-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. 

"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება და ყურადღება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვემს გვერდით იყო არჩევნების დროს; ეს არ იყო ადვილი კამპანია. ჩვენ დავიწყეთ ერთი წლით ადრე. თბილისში პრემიერ-მინისტრმა წარმადგინა დიპლომატიური კორპუსის წინაშე ოფიციალურად, როგორც საქართველოს კანდიდატი და იმ მომენტიდან დაიწყო ჩვენი კამპანია, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩოები, რომლებმაც ფაქტობრივად, უდიდესი როლი ითამაშეს საბოლოო შედეგის მიღწევაში და ბოლოს იყო არჩევნები, სადაც დიდი იყო მხარდაჭერა... ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად მეხმარებოდა მთელ ამ პროცესში. 

გიორგი კვირიკაშივილი, მიხეილ ჯანელიძე და გიორგი ჩოგოვაძე - ეს სამი ადამიანი, ფაქტობრივად, როდესაც საჭიროება იყო, გვერდში მედგა, ჩამოდიოდნენ, მათ ვიზიტებში მონაწილეობას ვიღებდი მეც და შედეგიც მივიღეთ.

შეიძლება, უცხოელებს უცნაურად მოეჩვენოთ, მაგრამ არ დამავიწყდება საპატრიარქოს მხარდაჭერა; უშუალოდ პატრიარქმა ზუსტად არჩევნებამდე დამლოცა და ამას მე ვიღებ ძალიან დიდ დახმარებად და დიდ ძალად“, - იხსენებს ზურაბ პოლოლიკაშვილი. 

მან  Forbes Talks-ში აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის სხვა ფაქტორებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი სუსტი წერტილი იყო ის, რომ მისი, როგორც ევროპის ერთიანი კანდიდატის წარდგენა ვერ მოხერხდა.

„კონკურენცია ძალიან მაღალი და მძაფრი იყო... ევროპელები გადანაწილდნენ და ნაწილმა სამხრეთ კორეას მისცა ხმა, კომერციული ინტერესების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ცოტა დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს, რადგან ვერ მოხერხდა, რომ საქართველო და ქართველი კანდიდატი წარმოდგენილი ყოფილიყო, როგორც ერთიანი ევროპელი კანდიდატი. ეს იყო ძირითადი პრობლემა და ჩემი კანდიდატურის ძირითადი სუსტი წერტილი, თუმცა მე დამეხმარა ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში ესპანეთში საქართველოს ელჩი ვიყავი და ყველა ჩემს კოლეგასთან მქონდა პირადი ურთიერთობები, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში“, - იხსენებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ცნობისთვის: ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე 2017 წლის 12 მაისს 2021 წლამდე აირჩიეს.