მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს სპეციალურად საქართველოსთვის გავაკეთეთ" - გერმანიის ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შესახებ

60be5e752e45f
თამთა ჯიჯავაძე
07.06.21 21:52
744
როგორ შეაფასებთ სეზონურ სამუშაობზე საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამის პირველად შედეგებს? - ამ შეკითხვას გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა BMG-სთან ინტერვიუში უპასუხა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ჯერ შედეგებზე საუბარი ადრეა.

„აქამდე რამდენიმე ასეული ქართველი გაემგზავრა გერმანიაში და იმედი გვაქვს, რომ ბევრად უფრო მეტი გაემგზავრება. გვაქვს ინფორმაცია, რომ იყო პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც მიმდინარეობს მუშაობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა თავის წვლილს შეიტანს იმაში, რომ ქართველები, რომლებიც დაინტერესებულები არიან გერმანიაში მუშაობით, ამ საშუალებას გამონახავენ და მათ იქ კარგი პირობები დახვდებათ“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ის ამ პროგრამის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს სიხარულით ელის. დიპლომატმა აღნიშნა, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები გერმანიაში უკვე წლებია სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიან. კოვიდ-პანდემიის დროს კი აუცილებელი გახდა სპეციალური პროგრამის შექმნა, რადგან გერმანიაში შესვლა პანდემიის დროს შეუძლებელია.

„ეს სპეციალურად საქართველოსთვის გავაკეთეთ, რადგან გვჯერა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან და რომლებსაც შეუძლიათ სოფლის მეურნეობაში მუშაობა. სწორედ ასეთი ადამიანები გვჭირდება გერმანიაში მოსავლის აღების სამუშაოებზე და სხვა სოფლის მეურნეობის საწარმოებში“, - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით წელს გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი. დროებით დასაქმებულები საათში 9.5 ევროს (დარიცხული) მიიღებდნენ ანაზღაურების სახით. პროგრამამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, და 1 თვეში შესაბამის პლატფორმაზე დაახლოებით 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.