მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს უფრო დათვური სამსახურია“ - რას მიიჩნევს ქუმსიშვილი სადაზღვევო ბაზრის მხარდაჭერად?

5f7422d7a3351
BM.GE
30.09.20 10:15
1114
"მე არასდროს ვუჭერდი მხარს რეინვესტირების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიების მოგების გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებას, რადგან მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს უფრო დათვური სამსახურია, ვიდრე რეალურად ბაზრის განვითარებისთვის ხელშეწყობა“, - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და უკვე სადაზღვევო კომპანია "გრინ დაზღვევა საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიშვილმა bm.ge-ისთან ინტერვიუში გააკეთა.

საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ე.წ. მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ამოქმედდა, სადაზღვევო ინდუსტრიამ რეფორმის მათზე გავრცელება არაერთხელ მოითხოვა, მაგრამ - უშედეგოდ. ბოლო ინფორმაციით, საფინანსო სექტორი ესტონური მოდელით 2023 წლიდან ისარგებლებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო ბაზარზე მოგებაზე მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა, ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება სექტორისთვის დიდი ხელშეწყობა ვერ იქნებოდა.

„ძალიან ხშირად, მაშინაც კი, როდესაც მთავრობაში ვიყავი, იყო საუბარი იმაზე თუ როგორ უნდა დავხმარებოდით სადაზღვევო ბაზარს განვითარებაში და, რა თქმა უნდა, საუბარი იყო მათზე ე.წ. ესტონური მოდელის გავრცელებაზე, თუმცა ამას არასდროს ვუჭერდი მხარს, რადგან მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს უფრო დათვური სამსახურია, ვიდრე რეალურად ბაზრის და ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თუ მხარდაჭერაა, მთლიანი სადაზღვევო ბიზნესი უნდა გაიზარდოს და ამაში უნდა დავუჭიროთ მხარი ინდუსტრიას და არა - მოგების გადასახადის მოხსნით; მითუმეტეს თუ კომპანიების მიხედვით ვინმე გაანალიზებს შესაძლო ეფექტს, ნახავს, რომ ძალიან ბევრი კომპანია დღეს ან მოების ზღვართან ახლოსაა ან წაგებაშია და მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანიაა, ვისაც აქვს დიდი მოგება. ამიტომ მთლიანად ბაზრის ზრდა უფრო საინტერესოა და ამ კუთხით მუშაობა, ვიდრე მოგების გადასახადისგან გათავისუფლება“, - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

მისივე თქმით, „თუ სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა გვინდა, ბაზარზე სავალდებულო დაზღვევის სახეები უნდა შემოვიდეს.

„ჩვენ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას, რომელიც ჯერ იდევ 2019 წელს უნდა ამოქმედებულიყო. დარწმუნებული ვარ, შემდეგი მოწვევის პარლამენტი აღნიშნულ კანონს მიიღებს. მხოლოდ ამ ტიპის სავალდებულო დაზღვევის შემოღება, დამატებით 120-დან 150 მლნ ლარამდე პრემიას შექმნის სადაზღვევო კომპანიებისთვის, რადგან დღეს 1.400,000 ავტომობილია საქართველოში რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 10%-ია დაზღვეული“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო“ იგივე ყოფილი „კამარა“ დღეს ბაზარზე მე-17-ეა ანუ ბოლოდან მეორე, მაგრამ თურქი ინვესტორი, METRO HOLDING-ის დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი, რომელმაც კომპანია საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერთან ერთად შეიძინა, გეგმავს „გრინ დაზღვევა საქართველო“ სამ წელიწადში რეიტინგის ხუთეულში იყოს.