04.მარტი .2021 18:33

„ეს ხელშესახები დახმარებაა“ - მერიკო გუბელაძე რესტორნების სუბსიდირებაზე

„ეს ხელშესახები დახმარებაა“ - მერიკო გუბელაძე რესტორნების სუბსიდირებაზე
views 1874
უკან

საქართველოს მთავრობამ დღეს თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივა განიხილა და თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

ინიციატივიც მიხედვით, რესტორანი მთავრობისგან 5 000 ლარს მიიღებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 1 იურიდიული პირი 1-ზე მეტ ობიექტს მართავს - 10 000 ლარს.

რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე გადაცემა „საქმის კურსში“ მერის ინიციატივას და მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ რესტორნებისთვის ეს ხელშესახები დახმარება იქნება.

„რესტორნების სუბსიდირების საკითხი სპონტანურად დაიწყო. ჩემმა კოლეგამ ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვმა თავის ფეისბუქზე რამდენიმე თვის წინ პოსტი დაწერა „ვიხრჩობით და დაგვეხმარეთ“, რასაც გამოეხმაურა კახა კალაძე და სექტორს მიმოწერაში პრობლემების განხილვისთვის შეხვედრა შესთავაზა. ასე დაიწყო ეს საკითხი და მივედით ძალიან კარგ შედეგამდე, ეს ხელშესახები დახმარებაა - ამ გაჭირვებაში 5 000 და 10 000 ლარიანი დახმარების პაკეტი მნიშვნელოვნად მოეხმარება.

ჩვენთვისაც არ არის ბევრი დეტალი ცნობილი და იმედი მაქვს, რომ ბევრი რესტორანი მოერგება და ჩაჯდება ამ ჩარჩოში და რაღაცნაირად გაუადვილდებათ მათ რესტორნების გახსნა, იმიტომ რომ გახსნა არ არის მხოლოდ გასაღების გადატრიალება, გახსნა დაკავშრებულია გარკვეულ ხარჯებთან და ფინანსების ამისთვის ყველას მოსაძიებელი აქვს“, - ამბობს გუბელაძე.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დაანონსებული მხარდაჭერისა რესტორატორები კვლავ დღეს არსებული შეზღუდვების შემსუბუქების მოლოდინში არიან.

„რესტორანი საღამოს და შაბათ-კვირის გარეშე, ჩავთვალოთ, რომ არ ფუნქციონირებს. ეს არის მოჩვენებითი გახსნა. ეს უფრო მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული რესტორნისთვის, იმიტომ, რომ ადგილი უნდა გაათბო, თანამშრომლები აიყვანო, ხელფასები გადაიხადო და სტუმრები არ გყავს, ამიტომ ეს გახსნა მოჩვენებითია. იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება და შაბათ-კვირას მუშაობის საშუალება გვექნება“, - აღნიშნა „შავი ლომის“ დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას ცნობით, თბილისში მოქმედი რესტორნების სუბსიდირებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მლნ ლარი გამოიყოფა, რითიც პროგრამაში ჩართვას 400-მდე რესტორანი შეძლებს. მერის ამოდგილემ დღეს გამართულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ პროგრამაში მონაწილეობისთვის კრიტერიუმები ზუსტდება, თუმცა დღეისთვის განიხილება რომ სუბსიდირების მისაღებად რესტორანს ბოლო 2 თვის განმავლობაში მაქსიმუმ 100 000 ლარის ბრუნვა უნდა ჰქონდეს და რესტორნის ადგილების რაოდენობა 20-დან 80-მდე უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა