მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ყველაფერი მარტივ ენაზე უნდა ვუთხრათ მოსახლეობას“ - ნარმანია გენერაციის ახალი ობიექტების საჭიროებაზე

61b738889ed35
ინგა მურუსიძე
13.12.21 22:00
717
სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიას აზრით, მოსახლეობას მარტივ და გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ, რა გველოდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები არ აშენდება. საუბარია, როგორც ჰიდრო, ისე მზის და ქარის ენერგიების ათვისებაზე.

ამის შესახებ დავით ნარმანიამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს თემატური მოკვლევის - „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ - მოსმენა გაიმართა.

„მოსახლეობის ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, დონორებთან დაგვჭირდება მუშაობა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას იმის შესახებ, რა გველის იმ შემთხვევაში თუ  განახლებადი ენერგიების წყაროებს არ ავითვისებთ.

უნდა ავუხსნათ, რომ გარკვეული უწყინარი ჰესების აშენებისთვის ხელის შეშლა, სხვებზე რომ აღარ ვისაუბროთ, არაფერია, თუ არა იმ პრობლემების გაღრმავება, რომელიც მომავალში გველოდება. რამდენადაც ეკონომიკა იზრდება, იმდენად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და თუ ამას ადგილობრივი რესურსები არ დავაწიეთ, მხოლოდ მზის სადგურებით სრულყოფილ შედეგს ვერ მივიღებთ, კიდევ უფრო მეტი ვალუტის გადინება მოხდება ელექტროენერგიის შესაძენად. ეს ყველაფერი ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე უნდა ვუთხრათ მოსახლეობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროებს გაფართოებულ შეხვედრას სხვადასხვა უწყების ჩართულობით, რათა მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისთვის მეტი რესურსის მოძიებასა და გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელონ.

თავის მხრივ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა თქვა, რომ მსგავსი შეხვედრის ინიცირებას სწორედ მისი კომიტეტი აპირებს. „მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დავდგეთ, თუ არ მოხდება ენერგეტიკული გენერაციის გაზრდა“, - დასძინა დეპუტატმა.

ცნობისთვის: დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ ჩატარებული თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა პროფილური უწყება მინისტრების მოადგილეების დონეზე იყვნენ წარმოდგენილი. აღსანიშნია, რომ კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობდა, დეპუტატების სიმწირე იყო; არადა თემატური მოკვლევის მიზანი საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების, არსებული გამოწვევების/პრობლემების შესწავლა, გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა. მოკვლევის დასკვნის მიღება 2021 წლის ბოლომდე იგეგმება.