15.აპრილი .2021 00:00

„ეშმაკურად არის შემოპარებული, რომ ეს არის მხოლოდ 4-12 მაისი" - ია თაბაგარი დაანონსებულ უქმეებზე

„ეშმაკურად არის შემოპარებული, რომ ეს არის მხოლოდ 4-12 მაისი" - ია თაბაგარი დაანონსებულ უქმეებზე
views 23222
უკან

ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში აღშფოთებას იწვევს ის, რომ მუდმივად ცდილობენ ბიზნესს და ხალხს გადააბრალონ მთავრობის წარუმატებლობა, - ამის შესახებ ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა გადაცემა „საქმის კურსში“ აღნიშნა. ის გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ წყაროდ რესტორნებს ასახელებენ.

„გავიდა უკვე 14 თვე და შეშინებულია ხელისუფლება, რომ 1000-ს გადასცდა ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ამხელა ქვეყნისთვის არ არის ის მასშტაბი, რომ ვერ მოერიონ. საკმარისი დრო იყო იმისთვის რომ მოემზადებინათ საავადმყოფოები, ჩაეტარებინათ ტრენინგები, შემოეტანათ ვაქცინა და ა.შ. ახლა გადაბრალება, რომ რესტორნები ვერ იცავენ წესებს, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ არ გვაქვს გეგმა და ხელისუფლებამ არ იცის რა არის კრიზისის მართვა“, - განაცხადა ია თაბაგარმა.

მან ასევე 4-11 მაისს გამოცხადებულ უქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესისთვის დიდი დარტყმა იქნება.

„ეშმაკურად არის შემოპარებული, რომ ეს არის მხოლოდ 4-12 მაისი. საბოლოო ჯამში დავთვლით დასვენების დღეებს და გამოვა ორი კვირა, რაც იქნება ბიზნესისთვის დამანგრეველი და რაც არასდროს არ ესმის ხელისუფლებას. მათ ჰგონიათ, რომ თუნდაც ის ორი კვირა, როდესაც არის კარგი ამინდი, ფრენები სრულდება, უამრავი ადამიანი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, არ არის ბევრი. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია იმის უნარი, რომ მართოს სიტუაცია. ამიტომ ჩაკეტვა არის მარტივი გამოსავალი. აღშფოთებას იწვევს ისიც, რომ თავად საშვები აქვთ, გადაადგილდებიან ღამე, რესტორნებშიც დადიან, ბანკეტებსაც აწყობენ“, - განაცხადა ია თაბაგარმა.

მისივე თქმით, 320 000 ადამიანია დაზარალებული მასპინძლობის ინდუსტრიიდან. ხოლო თუ ისევ ჩაიკეტა ყველაფერი, ამას მოჰყვება დიდი პროტესტი და დაუმორჩილებლობაც კი.

ამასთან, ია თაბაგარი ამბობს, რომ საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა არსებობს, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, ჯავშნები არის მაისიდან წლის ბოლომდე.

„ლანგარზე დადებული ისრაელი არსებობს, სადაც აცრილია მოსახლეობა, მათ უყვართ საქართველო, პირდაპირი ფრენებია, ვიზა არ სჭირდებათ. მათთვის ამოუწურავია საქართველოში ის ადგილები, სადაც შეიძლება წავიდნენ, ეს ეხება მთის რეგიონებს. ტურისტების სეგმენტირება შეიძლება. უამრავი შეთავაზება შეგვიძლია მივცეთ. ხელისუფლება საუბრობს მწვანე ტურიზმზე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო, არაფერი არ კეთდება ამ კუთხით“, - დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა