მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანეთი მკაცრი საკარანტინო ზომების მოხსნას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს

5ea92991a30ff
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.20 11:14
828
ესპანეთი მკაცრი საკარანტინო ზომების მოხსნას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი ცხოვრების ნორმალურ რიტმს ოთხფაზიანი გეგმის გავლის შედეგად დაუბრუნდება.

ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, თითოეული რეგიონი შეზღუდვებს განსხვავებული ტემპით შეამსუბუქებს, რაც აფეთქების სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული.

საკარანტინო ზომების შემსუბუქება თავდაპირველად ესპანეთის ოთხ კუნძულზე, 4 მაისიდან დაიწყება. ზომების შემსუბუქების მიზნით შექმნილი თითოეული ფაზა ორკვირიან ეტაპს მოიცავს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, მცირე ბიზნესები და სასტუმროები 11 მაისიდან გაიხსნება, თუმცა სოციალური დისტანცირება ძალაში დარჩება. სკოლების უმრავლესობა სექტემბრამდე დახურული იქნება. რესტორნებს ტერასების გახსნა მაისის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ, თუმცა, პირველ ეტაპზე 30 პროცენტზე მეტად არ უნდა გაივსოს ხალხით.

შეზღუდული სახით აღდგება რელიგიური მსახურება 11 მაისიდან, თუმცა რელიგიური დაწესებულების შენობის ერთი-მესამედის დაკავება იქნება შესაძლებელი. ერთი-მესამედის შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებსაც, რომლებიც მაისის ბოლოდან გაიხსნება. მაღაზიებში მყიდველებს შორის მანძილი ორი მეტრი უნდა იყოს.

სანაპიროები სავარაუდოდ ივნისის ბოლოდან გაიხსნება.