20.ივლისი .2022 00:14

ესპანეთში მატარებლით მგზავრობა სექტემბრიდან იანვრამდე უფასოდ იქნება შესაძლებელი - CNN

ესპანეთში მატარებლით მგზავრობა სექტემბრიდან იანვრამდე უფასოდ იქნება შესაძლებელი - CNN
views 7332
უკან

ესპანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები, ენერგომატარებლებისა და ინფლაციის სწრაფად მზარდი მაჩვენებლების საპასუხოდ, უკვე დიდი ხანია განახევრებულია, ახლა კი, მთავრობამ დამატებით 100%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან, მგზავრებს, მათ შორის ტურისტებს, Renfe-ის საზოგადოებრივი მატარებლის ქსელით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ.

ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გამოაცხადა და განმარტა, რომ სერვისი უფასო დარჩება მიმდინარე წლის ბოლომდე. როგორც მთავრობა განმარტავს, ინიციატივის მიზანია პირველ რიგში მოქალაქეების ფულის დაზოგვა და ასევე გარემოზე ზრუნვა, რათა გადაადგილებისას ნაკლებად გამოიყენონ კერძო ავტომობილი. ეს ღონისძიება კი, მაქსიმალურად წაახალისებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საწვავის ფასების მუდმივი ზრდის ფონზე - ნათქვამია ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თუმცა ესპანეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯების შემცირებისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით გარკვეული ზომები მიიღო. მსგავსი გადაწყვეტილება გასულ თვეს გერმანიაშიც მიიღეს, სადაც 9 ევროდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური ბილეთის შეძენა გახდა შესაძლებელი. შეთავაზება აგვისტოს ბოლომდე რჩება ძალაში, რაც გერმანიის შიგნით, ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით, ნებისმიერ დროს, ულიმიტოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. საწვავის ფასების ზრდის, მანქანების გაქირავების ტარიფების და მსოფლიო მასშტაბით, ცხოვრების ხარჯების მკვეთრი მატების ფონზე კი, ეს ნაბიჯი უდიდესი შეღავათია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

2021 წლის ბოლოს, ავსტრიამაც დაიწყო კამპანია სახელწოდებით "კლიმატის ბილეთი", რომელიც მოქმედებს ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და მიზნად ისახავს მოქალაქეების წახალისებას, რომ ავტომობილები სახლში დატოვონ. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე არაერთი ევროპული ქვეყანა მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოახერხა.