მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესპანურ კომპანიას აგურის ქარხანა კასპში გადმოაქვს - "კერამიკა ელ ტორენტეს" ქართული გეგმები

5e2840f3ecc75
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.20 19:40
7933

ესპანურ  „კერამიკა ელ ტორენტეს“ აგურის ქარხანა საქართველოში, კასპში გადმოაქვს. როგორც კომპანიის საქართველოს ფილიალის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, ესპანეთში ქარხნის დემონტაჟი უკვე დასრულდა; საქართველოში კი, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

„ვიმედოვნებთ, რომ აპრილში აგურის ქარხანას ავამოქმედებთ“, - ამბობს ვასილ ბაბლუანი.

მისივე ინფორმაციით, ქარხნის საინვესტიციო ღირელბულება 3 მლნ დოლარია, საიდანაც დაახლოებით, 1.1 მლნ დოლარი საპარტნიორო ფონდის ინვესტიციაა. ასევე, როგორც ცნობილია, კომპანიამ პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიწა მიიღო. გეგმის თანახმად, ქარხანაში 50 ადგილობრივი დასაქმდება. რაც შეეხება წარმადობას, ვასილ ბაბლუანის თქმით, ქარხანა დღეში 100 000-120 000 ცალი აგურის წარმოებას შეძლებს.

კასპში აგურის ქარხნის მშენებლობას „საპარტნიორო ფონდი“ და 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტე“ ახორციელებენ. 

„კერამიკა ელ ტორენტე“ ესპანეთში აგურს მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომებით აწარმოებდა. მისი მენეჯმენტი მარტო კერამიკის წარმოებაში კი არაა პროფესიონალი, არამედ ქარხნის მართვასა და ტექნიკურ ნაწილშიც. ამდენად, ამ წარმოებას ტექნიკური პრობლემები არ ექნება. ჩვენი პარტნიორები ქართული თიხის ხარისხით გაოცებულები იყვნენ, რადგან საქართველოში არის პრემიუმ ხარისხის თიხა, რომელიც კლინკერის აგურისთვის გამოიყენება, ეს მაღალი ხარისხის აგურია, რომელიც უძლებს ძალიან მაღალ ყინვას“, - ამბობს კომპანიის საქართველოს ფილიალის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

კონკურენციაზე საუბრისას, ვასილ ბაბლუანი აღნიშნავს, რომ თიხის აგური უკონკურენტო სამშენებლო პროდუქტია.

„დღეს სამშენებლო სექტორი თითქმის დაბალი ხარისხის სამშენებლო ბეტონის ბლოკებზეა გადასული, რომელსაც არც თბოიზოლაცია აქვს, არც ეკოლოგიურად სუფთაა, ხმის იზოლაციაც არ აქვს. თიხას კი, ეს თვისებები აქვს და ჩვენი ქარხანა ქართული თიხით განახორციელებს აგურის წარმოებას. აგური წლების განმავლობაში ვერც ერთმა სხვა სამშენებლო მასალამ ვერ შეცვალა. შედარებისთვის რომ გითხრათ, 100 მ2 აგურის გამოყენების შემთხვევაში, მშენებელი 3-4 მ2 მოგებას ნახულობს, ბლოკთან შედარებით. შესაბამისად, მშენებელი მოგებული იქნება ხარისხითაც და ფასითაც. ჩვენ რა წარმადობაც გვექნება, ვფიქრობთ, რომ შიდა ბაზარზე საკმარისი რაოდენობის ადგილი არის და თუ კერამიკა დაუბრუნდა თავის ნიშნულს საქართველოში, ერთი და ორი წარმოება ქვეყანას არ ეყოფა. პირობითად ანდალუსიის ერთ-ერთ მხარეში 15 ასეთი ქარხანა იყო.

რაც შეხება ექსპორტს, ჩვენი მეზობელი  სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან გვაქვს შემოთავაზებები და ვფიქრობთ,  გარკვეული დროის შემდეგ ექსპორტზეც გავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ ადგილობრივ ბაზარს მივაწოდოთ მაღალხარისხიანი პროდუქტი, რადგან აქაც აგურზე მოთხოვნა ძალიან დიდია“, - განმარტავს ბაბლუანი.

„კერამიკა ელ ტორენტე +“-ის თანადამფუძნებელმა BM.GE-ისთან ქარხნის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზებზეც ისაუბრა, რაზეც სააგენტო რამდენიმე თვის წინ წერდა.

"შეფერხების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ პროექტს ჰყავდა კიდევ დამატებითი ინვესტორები და მოხდა ინვესტორების ჩანაცვლება. „კერამიკა ელ ტორენტეს“ ინვესტიცია არის წარმოებაში, თუმცა გარდა წარმოების, საჭირო იყო ფულადი ინვესტიცია. ჩვენს ერთ-ერთ ინვესტორს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ჩავანაცვლეთ მეორეთი. ამან გარკვეული დრო წაიღო, სანამ ახალ პარტნიორთან დაიდებოდა ხელშეკრულება“, - აცხადებს ინვესტორი.

კითხვაზე, როგორ დააინტერესა ესპანელი პარტნიორები, რომ წარმოება საქართველოში გადმოეტანათ, ბაბლუანმა რამდენიმე ფაქტორი გამოყო.

„ამ კონკრეტული წარმოების შემთხვევაში, რამდენიმე ფაქტორი იყო -  ესპანეთში დიდი სამშენებლო პროექტები დასრულდა და იმ მოცულობებით ვერ მუშაობენ სამშენებლო წარმოებები. ჩემი იდეა იყო, რომ საქართველოში ასეთი ტიპის საქმიანობაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნებოდა და დავარწმუნეთ ესპანელები, რომ საქართველოში მათ ტექნოლოგიებს ძალიან დიდი მომავალი ექნებოდა; ესპანეთში კი, ხვალ და ზეგ შეიძლება აღარც გამხდარიყო საჭირო აგურის წარმოება. ისინი რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში, ნახეს ქართული ბიზნეს გარემო, დავუკავშირდით „საპარტნიორო ფონდს“ და ისინიც დაინტერესდნენ ამ პროექტით“, - ამბობს ბაბლუანი.

ესპანური კომპანიის წარმომადგენელი კასპში აგურის ქარხნის აშენების კიდევ ერთ პოზიტიურ მხარეზე საუბრობს და ამბობს, რომ ესპანელი სპეციალისტები ადგილობრივებს გადაამზადებენ და ქარხანაში დაასაქმებენ.

„საქართველოში 4 ესპანური ოჯახი ჩამოვა და აქ იცხოვრებენ, რადგან ეს მათი წარმოებაა. წამყვანი სპეციალისტები ისინი იქნებიან და გადაამზადებენ ადგილობრვებს. მაგალითად, ერთ-ერთი ქართველი თანამშრომელი უკვე გაგზავნილი გვყვავდა ესპანეთში და წარმოებაში მუშაობის გამოცდილებაც მიიღო. სხვა თანამშრომლებსაც ნელ-ნელა შეასწავლიან საქმეს“, - აღნიშნავს ესპანური კომპანიის საქართველოს ფილიალის თანადამფუძნებელი.