23.სექტემბერი .2019 13:09

ესტონელი აღმასრულებლები ქართულ სააღსრულებო სისტემას და მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ

views 118
უკან

ესტონეთის აღმასრულებელთა პალატის წარმომადგენლები საქართველოს სააღსრულებო სისტემის სპეციფიკასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნენ.

როგორც bm.ge-ის აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული სააღსრულებო სისტემის, პროცედურებისა და ეტაპების დაგეგმარების, ბიუროს ელექტრონული და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ.

მათი განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ელექტრონული საქმისწარმოება და აუქციონი მოექცა. საუბარი შეეხო შეფასების სამსახურისა და გადახდისუუნარობის წარმოების სპეციფიკას და დაგეგმილ რეფორმებს.

"ესტონელი კოლეგებისთვის განსაკუთრებული სიახლე აღმოჩნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური პოლიტიკა და მიდგომა მოვალეების მიმართ, რომლის საფუძველზეც ბიურომ მხარეებს შორის მორიგებისა და საქმეების ნებაყოფლობით დასრულების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2019 წლისთვის გამოსახლებისა და დემონტაჟის კატეგორიის საქმეებში მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულებული საქმეების სტატისტიკა 90 პროცენტს გასცდა.

დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების სფეროს სამართლებრივი და სტრუქტურული მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად ახორციელებს. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის რეორგანიზაციასა და სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, რითაც საქართველო ახალ სააღსრულებო მოდელზე გადავა და უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ტერიტორიულ სააღსრულებო ბიუროებში და კერძო აღმასრულებლებთან. ასევე, სტუმრები გაეცნობიან ქართულ სასამართლო სისტემას.

ურთიერთობების გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტონეთის აღმასრულებელთა პალატის ხელმძღვანელმა აღსრულების ეროვნული ბიურო საპასუხო ვიზიტით ესტონეთში მიიწვია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა