08.სექტემბერი .2021 15:35

ესტონეთში გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ უკანონო გამოყენების ფაქტი აღიკვეთა

ესტონეთში გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ უკანონო გამოყენების ფაქტი აღიკვეთა
views 1932
უკან

გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ უკანონო გამოყენების ფაქტი ესტონეთის ბაზარზე აღიკვეთა. ინფორმაციას  „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის – „საქპატენტი“, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ყველის დაცული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის - „სულგუნი“ უკანონოდ გამოყენების ფაქტს ჰქონდა ადგილი.

შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, სუპერმარკეტების ქსელიდან „SELVER“ ამოღებულ იქნა დასახელება „Suluguni“-ით უფლების დარღვევით ნიშანდებული პროდუქცია.

„დარღვევაზე რეაგირების მიზნით, 2021 წლის 30 ივლისს საქპატენტმა წერილობით მიმართა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკომისიის (DG AGRI) გენერალურ დირექტორატს. კომისიის მოთხოვნით, ესტონეთის შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლეს აღნიშნული საქმე, რის შედეგად, ესტონეთში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უნებართვოდ გამოყენებისა და დისტრიბუციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი ზომები განახორციელეს და უფლების დამრღვევი პროდუქცია ამოიღეს“, - ნათქვამია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება, რომლის ფარგლებში მხარეები აღიარებენ და იცავენ ერთმანეთის გეოგრაფიულ აღნიშვნებს, ხოლო მათზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ადმინისტრაციულ ქმედებებს ატარებენ.

„საქპატენტი ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საქართველოს საზღვრებს გარეთ დაცვის საკითხებში აქტიურადაა ჩართული, რათა ქართულ აღნიშვნებსა და დასახელებებზე უფლებების დარღვევების და მათი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების ფაქტები აღიკვეთოს“, - აცხადებენ „საქპატენტში“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა