მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, ბანკების მიერ ბირჟის მფლობელობის საკითხი სხვანაირად გადაწყდეს - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

6391c7dfc34cd
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.22 15:43
730
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა მიიჩნევს, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის მფლობელობის საკითხი კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ საკითხად შეიძლება იყოს განხილული. გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში გაგუამ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ბირჟის აქციონერი გახდეს ისეთი ჯგუფი, რომელსაც კაპიტალის ბაზრის განვითარების საერთაშორისო გამოცდილება აქვს. ამჟამად საქართველოს საფონდო ბირჟის ძირითადი აქციონერები ქართული ბანკები არიან.

“ჩვენ ვთვლით, რომ ბირჟის მფლობელობა უფრო დივერსიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ ამ თემაზე მოსაზრებების არაერთი გაცვლა გვქონია, საბანკო სექტორთან და მათი მოსაზრებაც ანალოგიურია. ვთვლით რომ კაპიტალის ბაზრის მფლობელობა ერთ-ერთი საკითხია. მხოლოდ ბანკები არ არიან ბირჟის აქციონერები, სხვა წვრილი აქციონერებიც არიან. ამ თემაზე ხშირად არ ვსაუბრობთ და კარგია, რომ კითხვა დამისვით. ზოგადად აქციონერთა სტრუქტურა შეიძლება ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყოს. კომერციული ბანკების მიერ ბირჟის ფლობა გადასაჭრელია, თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ არის ამ მიმართულებით ერთადერთი გადასაჭრელი საკითხი. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ ბირჟის აქციონერებთან, ამ თემის აღქმა მათაც აქვთ. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ბირჟის მფლობელობის საკითხი სხვანაირად გადაწყდეს. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მოვძებნოთ ინვესტორი, რომელიც იქნება გამოცდილი და მას ექნება შესაბამისი ამოცდილება განვითარებულ ქვეყნებში, სწორედ ასეთი ტიპის ინვესტორის მოყვანა არის სტრატეგიული მიზანი და არ ვთვლი, რომ ბირჟის არსებული აქციონერები ამის წინააღმდეგები არიან,”- აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

საფონდო ბირჟის მფლობელობის საკითხი როგორც შესაძლო შემაფერხებელი ფაქტორი განხილულია მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტ "ხედვა 2030"-შიც. დოკუმენტში ადგილობრივი ბირჟის დაბალ ლიკვიდობაზე, ასევე ლოკალური ინვესტორების სიმცირეზეც არის საუბარი.

საქართველოს საფონდო ძირითადი აქციონერები არიან: შპს "თიბისი კაპიტალი" (17.33%), შპს "ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია" (15.33%) და სს "გალტ ენდ თაგარტი" (17.33% (მათ შორის 2% ნომინალური მფლობელობით).