მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაერთნენ თუ არა კოლეჯები პრემიერის დაანონსებულ სოციალური დასაქმების პროექტში?

61e14761259b9
თათია ჩაფიჩაძე
16.01.22 20:00
978
მიმდინარე თვიდან სოციალური დასაქმების პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მისი თქმით, პროექტზე მუშაობა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითზე დაიწყო, რის შედეგადაც ქვეყანაში ათი ათასობით სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

დეკემბერში სოციალური პოლიტიკის რეფორმის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ჯგუფი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპაში იმყოფებოდა. როგორც Bm.ge-მ გაარკვია, მთავრობამ სოცდაუცველების „ამუშავების“ ევროპული მოდელის შესწავლა უნგრეთის მაგალითით დაიწყო, თუმცა სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ უნგრეთის გარდა, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლაც იგეგმება და გამომდინარე იქიდან, რომ რეფორმა საქართველოს რეალობას უნდა მოერგოს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, რომელი ქვეყნის სოციალური სისტემის მოდელს აიღებენ მაგალითად.

თუმცა რა ფორმითაც არ უნდა შედგეს და ამუშავდეს ის, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კადრების გადამზადებას გულისხმობს. გასული წლის ნოემბერში პრემიერმა თქვა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ჩართავდნენ პროფესიულ სასწავლებლებს და უამრავ სპეციალობაში მოხდებოდა მათი გადამზადება. მათ შორის საუბარი იყო რამდენიმე კვირიან პროგრამებზეც.

BM.GE დაინტერესდა შედგა თუ არა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და რა რაოდენობის კადრის გადამზადების რესურსი აქვთ პროფესიულ სასწავლებლებს. კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათი მხრიდან მხოლოდ მოთხოვნად პროფესიებისა და იმ რესურსებზე მოხდა ინფორმაციის მიწოდება, რაც კოლეჯებს გააჩნიათ.

“ნოემბერში დაანონსებული პროგრამის შესაბამისად, რაზეც არის მოთხოვნა ამაზე ინფორმაციები სრულად მივაწოდეთ, ასევე მნიშვნელოვანია გამტარუნარიანობის გაზრდა. ჩვენ შეგვიძლია წლიურად 1000-დან 1500-მდე მოკლევადიან პროგრამაში გადავამზადოთ მოქალაქეები, თუმცა გაზრდა შეიძლება 2500-მდე, მაგრამ ამას სჭირდება დამატებითი აღჭურვილობა, ლაბორატორიები, თუმცა ამაში მხოლოდ სახელმწიფოს როლი არ ირის გადამწყვეტი, ბიზნესის ჩართულობაა მთავარი რომ გვითხრან ზუსტად ვის ეძებენ.

100-ზე მეტი კოლეჯია ავტორიზებული, თუკი სწორად გავაკეთებთ არჩევანს და გათვლებს, ჩვენი გამტარუნარიანობა იქნება ძალიან მაღალი, მე თუ შემიძლია 2500-მდე გავზარდო ბენეფიციარების რიცხვი, დანარჩენმა კოლეჯებმა საშუალოდ 500-ზე რომ გააკეთოს გათვლა, შედეგი იქნება საკმაოდ წარმატებული“ - განაცხადა ტაკიძემ.

თემაზე კომენტირებისას კოლეჯ „ინსტრუქტორში“ აცხადებენ, რომ შეხვედრები უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

„უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა სახელმწიფო უწყებების დონეზე, შეიქმნა ახალი, უნარების სააგენტო, მოქმედებს დასაქმების სააგენტო და უწყებები იმსჯელებენ რა ფორმატით გაგრძელდება აღნიშნული ინიციატივის დაგენერირება. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ეს პროცესები დიდი ხანია დაწყებულია და ის ემსახურება მოკლე ვადებში ბაზრისთვის მოთხოვნადი კადრების მომზადებას, ეს ეხება ყველას, ყველა ასაკის ადამიანს, პროგრამები დაახლოებით 3-დან 6 თვემდე გრძელდება და იძლევა დასაქმების შესაძლებლობას.

ჩვენი კოლეჯი კერძო სექტორის ჩართულობით არის შექმნილი, ეს არის მისაბაძი ფორმატი, თუ როგორ უნდა ხდებოდეს გენერირება პროგრამების. ჩვენ ვართ ის დაწესებულება, სადაც ხდება კერძო სექტორისგან დაკვეთა და იმის შესაბამისად ვამზადებთ კადრებს. შედეგად 100% გვყავს დასაქმებული. ამ ეტაპზე წელიწადში ჩვენ 600-მდე სტუდენტის მომზადება შეგვიძლია, თუმცა რესურსების ზრდის ხარჯზე ცხადია ამის გაზრდა შესაძლებელია.
პროგრამები მუდმივად განახლებადია, ვინაიდან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ბიზნესის მოთხოვნებიც ახალია. ვგეგმავთ ახალი პროგრამების შემუშავებასაც, შეტანილი გვაქვს განაცხადი და ვეცდებით მოკლე ვადაში დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა.“ - განაცხადა კოლეჯის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა.

გასული წლის ბოლოს მთავრობის მეთაურმა 200 ათასი სოცდაუცველის ამუშავების მიზნით ახალი პროგრამა დააანონსა. მისი განცხადებით, შრომისუნარიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი ოფიციალურ დასაქმებას დახმარების შეწყვეტის შიშით თავს არიდებს და სწორედ მათთვის უნდა შეიქმნას ახალი პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სახით დასაქმების ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობას გააჩენს.