მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU იწვევს თავის ასოცირებულ პარტნიორებს, რათა ისინი სანქციებს შეუერთდნენ, დისკუსია გვაქვს საქართველოს მთავრობასთანაც - გერმანიის ელჩი

6231ab0ab60b9
შოთა ტყეშელაშვილი, სალომე მეცხვარიშვილი
16.03.22 13:21
2458
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ამბობს, რომ ევროკავშირი იწვევს თავის ასოცირებულ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებისთვის. ის თუ რა ფორმით უნდა იყოს საქართველო სანქციების მონაწილე, დიპლომატის თქმით, იმ დისკუსიების საგანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ. ასევე, ქნირში აცხადებს, რომ მისი შეფასებით, შემდგომ დღეებში ამ დისკუსიებს გარკვეული შედეგი ექნებათ.

“ევროკავშირი იწვევს ასოცირებულ პარტნიორებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შესაერთებლად; რა უნდა იყოს და რა შეიძლება იყოს ეს უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით, განხილვის საგანია, რომელიც გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ამ დისკუსიას ექნება წინსვლა და მომავალ დღეებში გამოიღებს შედეგს. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია,” -  BMG-ის კითხვას პასუხობს საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები EUGBC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მას ასევე ესწრებოდა საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში აქვთ მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასოცირებული პარტნიორები მათ სანქციებს მიუერთდებიან.

"მარტის დასაწყისში უკრაინამ წარადგინა განაცხადი ევროპარლამენტში, რათა დაჩქარებული წესით განიხილებოდეს უკრაინის აპლიკაცია ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. 10 მარტს, ვერსალში განხილული იყო უკრაინის და მოლდოვას განაცხადები კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკავშირში - როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროსტრუქტურებში არის მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნები უნდა იყვნენ ევროკავშირის სანქციების და უსაფრთხოების ზომების მონაწილეები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი.

ჩვენ მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის გადადგმული, რომელიც აჩვენებს მკაფიო კოორდინაციას ევროკავშირისა და საერთაშორისო საბანკო სისტემებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი ნაბიჯებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით", - განაცხადა ქნირშმა.