მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ და CSRDG-მ სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლა

6337206dd4f5a
BM.GE
30.09.22 21:00
394
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალური საწარმოების, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლა.

გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება. წლევანდელი ღონისძიების თემა იყო პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.

ღონისძიებას ბიზნეს სექტორის 200-მდე წარმომადგენელი, 100-მდე სოციალური მეწარმე, წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსიდან, მედიიდან, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან დაესწრნენ.

ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს. 

„მესამე B2B გამოფენა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ სოციალურმა მეწარმეობამ მოიპოვის ის აღიარება, რომელსაც იმსახურებს. ის გვიჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი, იმოქმედო მაღალი პასუხისმგებლობით და, ამავდროულად, ხელი შეუწყო ზრდას და შექმნა სამუშაო ადგილები, კონკურენტულ ბაზარზე. ჩვენ, ევროკავშირში, ვამაყობთ გამოფენაზე წარმოდგენილ ბიზნესებთან თანამშრომლობით და მოუთმენლად ველით დავინახოთ, თუ როგორ გავაგრძელებთ მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

“სოციალური მეწარმეობის სფეროს ხელშეწყობა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ, ჩვენ უკვე წლებია სისტემატურად ვუჭერთ მხარს როგორც უშუალოდ სოციალურ საწარმოებს, ისე სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებს. გვიხარია, რომ სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა დაინერგა და ეს გამოფენაც, სადაც 50-მდე სოციალური საწარმოა წარმოდგენილი, ამ გამოცდილების გაგრძელების კარგი შესაძლებლობაა," - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი მუშაობით, გაერთიანებული რესურსებითა და ერთმანეთის გაძლიერებითაა შესაძლებელი. სოციალური მეწარმეობა კი უნიკალური სტრატეგიაა მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით უპასუხო და დაძლიო ქვეყნის წინაშე არსებული სხვადასხვა მასშტაბის გამოწვევა“, - აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა ეკა ურუშაძემ. 

ცნობისთვის: B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება.