მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა - რას მოიცავს ახალი შეზღუდვები?

638d9d60242ef
მარიამ ვარადაშვილი
05.12.22 11:55
969
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა. ჯერჯერობით ევროკომისიას ამის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია, თუმცა ცნობილი გახდა, რომ სანქციების ახალი პაკეტით გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ და იქ არსებული აქტივები გაეყინებათ.

ამას გარდა, გაიზრდება კრემლის კონტროლირებადი მედიების ჩამონათვალიც, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობა აეკრძალებათ. მეცხრე პაკეტით ასევე გაიზრდება რუსული ბანკების ჩამონათვალიც, რომლებიც SWIFT-ის გადახდის სისტემას გაეთიშებიან. ევროკავშირი ასევე გეგმავს შეზღუდოს იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებსაც რუსეთში ექსპორტის შეზღუდვები შეეხებათ.

მეცხრე პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნოემბრის ბოლოს დააანონსა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე G7-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსულ ნავთობზე საფასო ჭერს დავაწესებთ. არ გავჩერდებით მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს პუტინის ბარბაროსულ ომში”,-განაცხადა მან.

ფინეთის პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე კიევში რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის ქმედებები ომის დანაშაულად შეაფასა. რუსეთის თავდასხმებს წინ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება უძღოდა, რომელმაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამ ეტაპზე სანქციების ბოლო, მერვე პაკეტით შეზღუდვები ფოლადით ვაჭრობასა და ტექნოლოგიებს შეეხო.

კომისიამ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განახორციელა.