მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-მ შესაძლოა შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობა დააფინანსოს

61714f33739d8
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.21 16:10
1970
ევროკავშირმა შესაძლოა შავ ზღვაში ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობა დააფინანსოს, ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ლორენს მერედიტმა განაცხადა.

“ციფრული კავშირების განმტკიცება განიხილება შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანით. ამასთანავე, ჩვენ გვსურს საქართველოს რეგიონალური დიგიტალიზაციის მხარდაჭერა და რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის განვითარება,”- ბათუმში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა მერედიტმა.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა სახის ციფრული პროექტის მხარდაჭერას განიხილავს ევროკავშირი. თავად საქართველოს მთავრობამ შავ ზღვაში ახალი ინტერნეტკაბელის გაყვანის შესახებ განცხადება 2021 წლის დასაწყისში გააკეთა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ “სახელმწიფო ელექტროსისტემა” რუმინეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი კაბელის მშენებლობას განიხილავდა. ამავე კაბელის პარალელურად, სახელმწიფო კომპანია ინტერნეტკაბელის გაყვანის შესაძლებლობასაც სწავლობს. პროექტის შეფასებაში “სახელმწიფო ელექტროსისტემას” მსოფლიო ბანკის ტექნიკური მისია ეხმარება.

“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს ამჟამად, მიზნად ისახავს დააკავშიროს საქართველოს და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები (უფრო ფართე გაგებით - სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ბალკანების რეგიონები) შავი ზღვის გავლით. არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად, ეს უნდა იყოს 500-კილოვოლტიანი მუდმივი დენის კაბელი, დაახლოებით, 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანობით", - განუცხადეს BMG-ის “სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

უცნობია, მოიაზრებს თუ არა ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება ამ პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, თუ არსებობს სხვა მსგავსი პროექტიც, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ინტერნეტკაბელის გაყვანას ითვალისწინებს.

დღეისთვის საქართველო ინტერნეტს ძირითადად სწორედ შავი ზღვის ფსკერზე არსებული ინტერნეტკაბელის მეშვეობით იღებს. ბულგარეთ-საქართველოს დამაკავშირებელი 1200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მფლობელი და ოპერატორი “კავკასუს ონლაინია”.