მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს 100 000-ლარიანი გრანტით „კოდალა“ წარმოებას აფართოებს - კოტე სვანაძე გეგმებზე

6130d6e46fd40
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.21 22:00
798
სოციალური საწარმო „კოდალა“, რომელიც ხისგან ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს 100 000 ლარის ინვესტიციით გაფართოვდა და წარმოებას ზრდის.

BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი კოტე სვანაძე ამბობს, რომ საწარმომ გაფართოება საქართველოში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის გრანტის დახმარებით შეძლო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მიიღო. მისი თქმით, აღნიშნული ფინანსური რესურსი კომპანიას გაფართოებისა და ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს.

„ევროკავშირის ტექნიკური დახმარება სრულად საწარმოო ხაზების გადაიარაღებას მოხმარდა, რომლის შედეგად წარმოების მასშტაბები 15-20%-ით გაიზრდება. დღეს თუ „კოდალა“ 4 000 ცალ სათამაშოს აწარმოებს თვეში, წარმოების სრულად ამოქმედების შემდეგ მოცულობა 7 000-მდე გაიზრდება. რაც შეეხება დასაქმებულებს დღეისთვის საწარმოში 25 ადამიანი მუშაობს, თუმცა მათი რაოდენობა 15-20-ით მოიმატებს“, - ამბობს „კოდალას“ დამფუძნებელი.

კოტე სვანაძე აღნიშნავს, რომ გაფართოების შედეგად „კოდალა“ სათამაშოების გერმანულ კომპანია GOKI-სთან თანამშრომლობის დაწყებას შეძლებს, რაც დღემდე, გეგმების მიუხედავად, მცირე წარმადობის პირობებში ვერ ხორციელდებოდა.

„ახალი ფართი და გადაიარაღება, GOKI-სთან მოლაპარაკებები განახლების საშუალებას მოგვცემს. მოგეხსენებათ, მათ ჩვენთან თანამშრომლობით წარმოების საქართველოში დაწყების სურვილი ჰქონდათ, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებებს ნოემბრისთვის განვაახლებთ“, - აღნიშნა სვანაძემ.

დღეისთვის კი „კოდალას“ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. როგორც სვანაძე აცხადებს, ახალი პარტნიორებისა და შეთანხმებების შემდეგ წარმოების 70% ექსპორტზე იქნება გათვლილი, ხოლო 30% ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე მიიმართება.

„ექსპორტი გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში პანდემიის პერიოდშიც შეუფერხებლად მიმდინარეობდა, თუმცა დღეს ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა გვაქვს, რაც ამ ბაზრების მეტად ათვისების საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპზე სხვა ბაზრების ათვისება წარმოების მასშტაბების გათვალისწინებით ვერ ხერხდება, თუმცა წარმადობის გაზრდასთან ერთად რეალიზაციის არეალიც გაფართოვდება“, - უთხრა მან BM.GE-ის.