მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს და FAO-ს მხარდაჭერით, ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანია ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებას გაზრდის

60b7960c6aa42
BM.GE
03.06.21 09:00
1036
ევროკავშირი და FAO ბაქტერიოფაგების მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელ ქართულ კომპანია „ბიოქიმფარმს“ (BioChimPharm) ანტიბიოტიკების შემცვლელი, ვეტერინარული ბაქტერიოფაგების საწარმოებლად 150,000 აშშ დოლარს გამოუყოფენ.

გრანტის მიზანია, ბაქტერიოფაგის პრეპარატ PowerPhage®-ისა (ფაუერფაგი) და სხვა ვეტერინარული პროდუქტების წარმოების გაზრდა. PowerPhage®-ი ბუნებრივი, ანტიმიკრობული, ვეტერინარული პრეპარატია მეფრინველეობისთვის და შესაძლოა, გამოყენებული იქნეს როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა. პროექტის წარმატებით განხორციელებამ, შესაძლოა, გადაჭრას ქვეყანაში არსებული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების პრობლემა.

გრანტი, კომპანიის 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ნაწილია და იგი წარმოების 300%-ით გაზრდას ისახავს მიზნად. ინვესტიციის ფარგლებში ასევე მოხდება საწარმოს ტექნიკური გადაიარაღება და ევროპულ საწარმოო სტანდარტთან (GMP) შესაბამისობის უზრუნველყოფა.

„მეფრინველეობის ფერმებში ანტიბიოტიკების ფართო გამოყენება ზრდის მომხმარებელთა ჯანმრთელობის რისკებს.

„ბიოქიმფარმის“ ინოვაციური პროდუქტები გთავაზობთ ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის ქართულ წარმოებას. ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით, კომპანია შეძლებს კიდევ უფრო განავითაროს თავისი პროდუქტი, გაზარდოს წარმოება და დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები. ეს დახმარება, ENPARD და EU4Business პროგრამების ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ქართული ბიზნესის მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია", – აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი დომინიკ პაპენჰეიმი.

„დღეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD III პროგრამის საშუალებით, FAO მხარს უჭერს ფრინველისა და პირუტყვის ღირებულების ჯაჭვების „ბიოქიმფარმის“ ინოვაციურ მიდგომას. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ხელს შეუწყობს წარმოების 300%-ით გაზრდას და გახსნის ახალი შესაძლებლობების ბაზრებს მწარმოებლისა და მისი პროდუქტისთვის. აღნიშნული გრანტი, იმ ღირებულებითი მიდგომის ნაწილია, რომელსაც FAO აქტიურად უჭერს მხარს და რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს, მწარმოებლები, ფერმერები და მომხმარებლები“, – აცხადებს FAO საქართველოს პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სან ალვარესი.

„ბიოქიმფარმა“ (BioChimPharm), ავტორიზებული ბიოფარმაცევტული, საქართველოში დაარსებული კომპანიაა, რომელსაც ბაქტერიოფაგებისა და კვლევების 80-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ფლობს ხარისხის ISO 9001-2015 სერტიფიკატს, 12 რეგისტრირებულ პროდუქტს და 2 საერთაშორისო პატენტს. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 40-ზე მეტი თანამშრომელი და საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე რვა ქვეყანაში გააქვს. ევროკავშირის და FAO-ს მიერ გაცემული გრანტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და „ბიოქიმფარმა“ შესაძლებლობას მისცემს, შეიტანოს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირსა და დამატებით საექსპორტო ბაზრებზე.

ევროკავშირი და FAO, გრანტს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში გასცემენ. პროგრამის მიზანია, იმ სტრუქტურული და სისტემური გამოწვევების დაძლევა, რომლებიც ხელს უშლიან სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში და უარყოფით გავლენას ახდენენ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და გარემოზე. 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, ქართველ ფერმერებზე, მეწარმეებსა და მცირე მეწარმეებზე გაიცა 8.5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების 132 გრანტი.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234.5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge 


(NS)