24.ივნისი .2022 19:04

EU-ს კანდიდატები ერთ მოსახლეზე უფრო ნაკლებ დახმარებას იღებდნენ, ვიდრე საქართველო 2014-2020 წლებში - კობახიძე

EU-ს კანდიდატები ერთ მოსახლეზე უფრო ნაკლებ დახმარებას იღებდნენ, ვიდრე საქართველო 2014-2020 წლებში - კობახიძე
views 750
უკან

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმონიჭებას ეხმაურება. მისი განცხადებით, სტატუსის არ მიღება არ ნიშნავს, რომ ქვეყანა კონკრეტულ ფინანსურ შემოსავლებს დაკარგავს, რაც კანდიდატობასთან იქნებოდა დაკავშირებული. მისი თქმით, 2014-2020 წლებში EU-ს კანდიდატი 5 ქვეყანა ერთ მოსახლეზე საშუალოდ 34 ევროს მხარდაჭერას იღებდა, მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსის არმქონე საქართველოსთვის ეს მხარდაჭერა 39 ევრო იყო.

“საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად, რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს ფეიკზე დაფუძნებულ კამპანიას იმის შესახებ, რომ, თითქოს, კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არმიღების პირობებში, საქართველომ ფინანსური და სხვა მატერიალური პრივილეგიები დაკარგა. აღნიშნული კამპანია მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. კერძოდ, როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირიდან მატერიალურ-ფინანსურ დახმარებას იდენტური პრინციპითა და მოცულობით იღებენ.

მაგალითად, 2014-2020 წლებში 5 კანდიდატი ქვეყნის წლიურმა დაფინანსებამ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 34 ევრო შეადგინა, ხოლო იმავე წლებში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე გაცემული დაფინანსება 39 ევრო იყო. მომდევნო წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული დაფინანსებაც კანდიდატებისთვის განკუთვნილი დაფინანსების იდენტურია. მოვუწოდებთ ყველას, ნუ შექმნიან ყალბ მოლოდინებს და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიით, საზოგადოებაში ნეგატიური ემოციური ფონის ხელოვნურად შექმნას ნუ ეცდებიან,”- აცხადებს კობახიძე.

თუმცა, განსხვავებული რიცხვების შესახებ საუბრობს გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომლის თქმითაც EU-ს კანდიდატი ქვეყნებისთვის 2021-2027 წლებში განსაზღვრული აქვს 14-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტი IPA III. ამასთანავე, დიპლომატი აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავენ.

უფრო ვრცლად, თუ რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით წაიკითხეთ ბმულზე.

გუშინ, ევროპულმა საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის მოსაზრება და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემას დათანხმდა. უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვეს, საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 მოთხოვნა, რომლებიც დეოლიგარქიზაციას, სასამართლო რეფორმას და დემოკრატიულ წინსვლას მოიცავს. მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღება შეეძლება. ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროგრესის შეფასებას 2022 წლის დეკემბერში მოახდენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა