მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს ტენდერებში მონაწილეობის უფლება ქართული კომპანიებისთვის სტიმული იქნება - მინისტრი

62deb48869537
მარიამ იზორია
25.07.22 19:30
751
ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლის განმავლობაში, ევროკავშირში, დაახლოებით, 250,000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორი ტრილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას იძენს, ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდათ

ვიცე-პრემიერის განცხადებითვე, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შედეგია.

“ვფიქრობთ, ქართული კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი სტიმული. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს. საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი ევროპელი შემსყიდველი საჯარო დაწესებულება და ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურეობას 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით.