მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს წევრობა არ შეიძლება უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი იყოს - მაკრონი

62aa33f21573e
ალა ისპირიანი
15.06.22 23:56
2456
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი იყოს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტიანი იყოს“, - თქვა მაკრონმა ოთხშაბათს მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც ისეთ ძირითად საკითხებზე ითანამშრომლებს, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერები ივნისის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატობის განაცხადები. ეს იქნება ევროკავშირის ბოლო სამიტი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს გაიმართება.

"ჩემი როლი არის კონსენსუსის შექმნა", - დასძინა მაკრონმა.

მისივე თქმით, საფრანგეთმა ასევე მიიღო ინიციატივა უხელმძღვანელოს მოლდოვის მხარდაჭერის ევროპულ პლატფორმას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას 650 მილიონი ევროს (675 მილიონი აშშ დოლარი) დახმარებას ჰპირდება.