მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგებზე ევროკომისია კვლევას ჩაატარებს

601d16f61b812
თელარა გელანტია
05.02.21 13:56
607
ევროკომისია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგების შეფასების კვლევას ჩაატარებს, რომლის ანგარიშიც 2022 წლის აპრილში გამოქვეყნდება. ამის შესახებ bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

მისივე ინფორმაციით, 3-4 თებერვალს მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეშვიდე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრაში DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ევროკავშირის მხარეს ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი წარმოადგენდა.

„კომიტეტის სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ტენდენციები და COVID-19 ის გავლენა, ასევე საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, მომსახურებით ვაჭრობისა და სხვა სფეროებში DCFTA-ის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი.

ევროკომისია მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის თითქმის მეოთხედი მასზე მოდის. ევროკომისიის დელეგაციამ აღნიშნა, რომ 2019 წელს ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რიცხვი გაიზარდა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისა და ახალი ეკონომიკური ოპერატორებისათვის ევროკავშირში ექსპორტისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე მიუთითებს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროკომისიას საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ინიცირებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ქართულის მხარის ძალისხმევა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებასა და DCFTA-ით გათვალისწინებული დაახლოების პროცესის I ფაზის დასრულებაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს შექმნაზე.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, რის შედეგდაც 2020 წელს ცხოველების საკვებიც დაემატა იმ ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სიას, რომელთა ექსპორტიც შესაძლებელია ევროკავშირის ბაზარზე. ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა ისეთი პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნის მიზნით, როგორიცაა აკვაკულტურის პროდუქტები და დედა ფუტკარი.

აღსანიშნავია რომ ევროკავშირმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების იმპორტისას ბაზარზე ზედამხედველობის შეუფერხებელი ადმინისტრირების მიზნით საბაჟო დეპარტამენტსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლობით შექმნილი წინასწარი დეკლარირების ელექტრონული პლატფორმის მიმართ, რაც კერძო სექტორზე ორიენტირებულ ერთგვარ ინოვაციურ გადაწყვეტას წარმოადგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.