მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა პროგრესი ლოკოკინის ტემპით მიდის - ელჩი

6207bab020673
ინგა მურუსიძე
12.02.22 18:00
1323
2021 წლის დეკემბერში ევროკომისიამ განაახლა რეგულაცია 2002/34, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს სხვა პროდუქტებთან ერთად, ევროკავშირში ლოკოკინები გაიტანოს. აღნიშნული, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში განხორციელდა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ლოკოკინები კვების წარმოებაში გამოიყენება. ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა და საქართველო, მისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ლოკოკინების წარმოებისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევა. ამჟამად, საქართველოში ლოკოკინები დაახლოებით 50 ფერმაში იწარმოება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ავრცელებს ვიდეო-მიმართვას, რომელშიც აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება:

„ევროკავშირის სურვილია, საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად. ბოლო წლებში ექსპორტის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით.

ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. დღეს ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც სულსწრაფ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის.

ამ თემასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ის ქართული პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე — ლოკოკინა. შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ, თუმცა ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მოთხოვნა მაღალია და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინის ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს.

ამასობაში ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე ახალი ქართული პროდუქტის გაძლიერებას“, - აცხადებს ელჩი ვიდეომიმართვაში.

ლოკოკინების წარმოება, ამ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნის, დაბალი საწარმოო ხარჯებისა და მაღალი შემოსავლების გამო, მიმზიდველ საქმიანობად ითვლება. საქართველოში ფერმერებს წარმოების დაწყება 0.5 ჰა მიწის ფართობზეც შეუძლიათ, ხოლო წარმოებულ პროდუქტს ევროპის ბაზარზე 10 ლარზე მეტ ფასად გაყიდიან.

ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.