20.ოქტომბერი .2021 19:55

EU შავ ზღვაში ციფრული კავშირგაბმულობის პროექტების დაფინანსებას გეგმავს

EU შავ ზღვაში ციფრული კავშირგაბმულობის პროექტების დაფინანსებას გეგმავს
views 364
უკან

ევროკავშირი შავ ზღვაში ციფრული კავშირების განმტკიცებით დაინტერესებულია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ლორენს მერედიტმა განაცხადა, რომ საქართველოში EU-ს საინვესტიციო 5 პრიორიტეტს შორისაა შავ ზღვაში სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განმტკიცება.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რა სახის ციფრული პროექტის მხარდაჭერას განიხილავს ევროკავშირი. თავად საქართველოს მთავრობამ შავ ზღვაში ახალი ინტერნეტკაბელის გაყვანის შესახებ განცხადება 2021 წლის დასაწყისში გააკეთა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ “სახელმწიფო ელექტროსისტემა” რუმინეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი კაბელის მშენებლობას განიხილავდა. ამავე კაბელის პარალელურად, სახელმწიფო კომპანია ინტერნეტკაბელის გაყვანის შესაძლებლობასაც სწავლობს. პროექტის შეფასებაში “სახელმწიფო ელექტროსისტემას” მსოფლიო ბანკის ტექნიკური მისია ეხმარება.

“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს ამჟამად, მიზნად ისახავს დააკავშიროს საქართველოს და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები (უფრო ფართე გაგებით - სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ბალკანების რეგიონები) შავი ზღვის გავლით. არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად, ეს უნდა იყოს 500-კილოვოლტიანი მუდმივი დენის კაბელი, დაახლოებით, 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანობით", - განუცხადეს BMG-ის “სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

უცნობია, მოიაზრებს თუ არა ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება ამ პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, თუ არსებობს სხვა მსგავსი პროექტიც, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ინტერნეტკაბელის გაყვანას ითვალისწინებს.

დღეისთვის საქართველო ინტერნეტს სწორედ შავი ზღვის ფსკერზე არსებული ინტერნეტკაბელის მეშვეობით იღებს. ბულგარეთ-საქართველოს დამაკავშირებელი 1200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მფლობელი და ოპერატორი “კავკასუს ონლაინია”.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა