მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EU-ში გაწევრიანების კითხვარი დღეს გადმოგვეცემა - შევსებულ კითხვარს მაქსიმალურად მოკლე დროში მივაწვდით ბრიუსელს“

6253dbc8d4361
ვიქტორია მღებრიშვილი
11.04.22 11:50
584
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს დღეს გადასცემს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კითხვარის შევსების პროცესს პირადად გააკონტროლებს და შევსებულ კითხვარს ბრიუსელს მაქსიმალურად მოკლე დროში გადაეცემა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში იმყოფება, სადაც შეხვდება ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც ბატონ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემს. ამით ჩვენ რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ. მას შემდეგ, რაც მოვაწერეთ ხელი, წარვადგინეთ აპლიკაცია წევრობაზე, განაცხადი, პროცესი დაწყებულია, ჩვენ ახლა მივიღებთ ამ კითხვარს. ამ პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველა უწყების მხრიდან. მე პირადად ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ ამ პროცესს. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ აღნიშნული შევსებული კითხვარი ბრიუსელს.

აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ის სიკეთე, პროგრესი, რომელიც მიღწეულ იქნა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, მმართველი პარტიის დამსახურება, დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე წევრობაზე ოფიციალური განაცხადი, ეს ყველაფერი სწორედ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. აი, ამ პასუხისმგებლობით, მივიღებთ რა ამ კითხვარს, ჩავერთვებით და მაქსიმალურად მოკლე დროში წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას. მოლოდინი მაქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება პარლამენტთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანენ“, - აღნიშნა პრემიერმა.