მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EU-ში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმი არ არსებობს, თუმცა ჩვენ ყველა სცენარზე ვმუშაობთ“ - ზალკალიანი

621d266e27e86
თამთა ჯიჯავაძე
28.02.22 23:44
1204
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მთავრობა ევროპელ პარტნიორებს აქტიურად ესაუბრება. მისივე თქმით, გუშინ პრემიერ ღარიბაშვილისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის საუბრის მთავარი თემა იყო ასოცირებული ტრიო - მოლდოვა-საქართველო-უკრაინა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში არ არსებობს რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების რაიმე მექანიზმი.

„საზოგადოება ძალიან კარგად არის ინფორმირებული ჩვენს სახელისუფლებლო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს ჩვენ უნდა გავაკეთოთ წევრობაზე განაცხადი და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები. რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, კოლეგების, რომლებმაც ამ სიტუაციაში, როდესაც დაბომბვის ქვეშ იმყოფებიან და არის მიმდინარე აგრესიაა, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით სოლიდარული ვართ მათი და ამავე დროს ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.

გუშინ, როდესაც საუბარი მქონდა ჟოზეფ ბორელთან, არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევებზე ვისაუბრეთ, არამედ საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზეც მქონდა საუბარი. ისე, როგორც პრემიერ-მინისტრს გუშინ ჰქონდა საუბარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისართან და საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სწორედ ასოცირებული ტრიო, მოლდოვა-საქართველო-უკრაინა და ჩვენი ევროპული პერსპექტივის თემა.

ასე რომ, ამაზე ვსაუბრობთ. აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ევროკავშირში არ არსებობს რაიმე მექანიზმი რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.