მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარება" - სამთო თავშესაფარი AltiHut-ი

6389ca59878fd
თინათინ ნატმელაძე
03.12.22 21:00
1174
თუ მყინვარწვერის დალაშქვრას, გერგეთის მყინვარის მონახულებას ან უბრალოდ, ზღვის დონიდან 3 014 მეტრზე დასვენებას გადაწყვეტთ, AltiHut ის ადგილია, სადაც ღამის გათევას, კვებას, ულამაზესი ხედებით დატკბობასა და აკლიმატიზაციის გავლას შეძლებთ.

ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით ჭიჭინაძის თქმით, AltiHut-ის სერვისით ძირითადად ის ევროპელები და ამერიკელები ინტერესდებიან, რომლებსაც კავკასიის ველური ბუნება ხიბლავთ.

"AltiHut არის სამთო თავშესაფარი მყინვარწვერის გზაზე, რომელსაც ძირითადად ის ადამიანები სტუმრობენ, რომლებიც ლაშქრობებით და ველური ბუნებით ინტერესდებიან, თუმცა, გვყავს სტუმრებიც, რომლებსაც უბრალოდ მსგავს გარემოში დასვენება მოსწონთ - ზღვის დონიდან 3 014 მეტრზე, გერგეთის მყინვარის მახლობლად.

ფუნქციონირება 2018 წლიდან დავიწყეთ, პანდემიამ და შემდეგ ომმა, ზოგადად, ტურიზმი და მათ შორის ჩვენც მნიშვნელოვნად დაგვაზარალა, თუმცა ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. AltiHut-ში ორი ძირითადი სეზონი გვაქვს: მოლაშქრეებისთვის და მთამსვლელებისთვის, რომელიც ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გრძელდება და სათხილამურო ალპინიზმის მოყვარულებისთვის, რომელიც თებერვლიდან მაისის ჩათვლით გრძელდება. იმისდა მიუხედავად, რომ მყინვარწვერის მიმართულებით წელს ნაკლები ტურისტი მოძრაობდა, წლევანდელი სეზონით მაინც კმაყოფილები ვართ, რადგან ჩვენი სამიზნე მომხმარებლები დასავლეთ ევროპიდან მაინც გვსტუმრობდნენ, რადგან კავკასიის ველური ბუნება მოსწონთ, თუმცა, ამავდროულად ლაშქრობის დროს კომფორტული გარემოც ხიბლავთ, სადაც დაისვენებენ ჩვენს ტერასაზე ხედების ტკბობით, ბიბლიოთეკაში წიგნებით ან თუნდაც სამაგიდო თამაშებით, გათბებიან, ხარისხიან საკვებს დააგემოვნებენ და ა.შ. ალპებში ასეთი სამთო თავშესაფარი ძალიან ბევრია, თუმცა AltiHut-ი ზოგიერთი მიმართულებით უფრო მაღალი დონის სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მთაში, მკაცრი კლიმატის, სამანქანო გზის, საკომუნიკაციო არხებისა და უსაფრთხოების ზომების არარსებობის პირობებში ბიზნესის ამოქმედება გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. ოპერირებისთვის საჭირო პროდუქციის ტრანსპორტირება კი მხოლოდ ვერტმფრენით და ცხენით არის შესაძლებელი. როგორც ჭიჭინაძე გვიყვება, AltiHut-მა სოციალურ პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი დამატებითი პროექტი განახორციელა, როგორიცაა: ათწლეულების განმავლობაში დაბინძურებული საკემპინგე ადგილის დასუფთავება, სატელეფონო ანძისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტების დაყენება, რომელიც საშუალებით უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც გახდა შესაძლებელი, ასევე გაკეთდა გადასასვლელი ხიდი მდინარე ჩხერზე, რომლის არარსებობის გამო, ტურისტებს პრობლემები ექმნებოდათ. ასევე ვცდილობთ ღირებულებათა ისეთი ჯაჭვების შექმნას რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს.

"ყაზბეგის (მყინვარწვერის) მიმართულებით წელიწადში 50 000-მდე ადამიანი დადის, რის შედეგადაც ბუნება ძალიან ბინძურდება და სწორედ ამიტომ, პირველი იდეა ამ ტერიტორიის ნაგვისგან გათავისუფლება იყო, თუმცა, ამ საკითხზე ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი პასუხისმგებლობა არავის აქვს, მუნიციპალიტეტი მხოლოდ თავის ტერიტორიაზე ზრუნავს და დაცულ ტერიტორიებს კი საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ყაზბეგის ეროვნული პარკის ეფექტური მართვისთვის. ამიტომაც, ბიზნესის შექმნა გადავწყვიტეთ, რომლის წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში, შევეცდებოდით სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.

სამთო ტურიზმს სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა სჭირდება, პირველ რიგში, საჭიროა შეიქმნას ეფექტური სამთო სამაშველო სამსახური, ასევე მაგალითად კარგი იქნება თუ გაუმჯობესდება ზამთარში ზვავსაშიშროების მონიტორინგი და ევროპის მსგავსად ტურისტებს ყოველდღიურად მივაწოდებთ ამ ინფორმაციას. აქ კი მსგავსი სერვისის არ არსებობის გამო, ბევრი ტურისტი თავს იკავებს ქვეყანაში ჩამოსვლისგან, რადგან იციან, რომ მათი სიცოცხლე დაცული არაა.

მთის კანონი, რომელიც დღეისთვის მოქმედებს უფრო სოციალური დახმარების მიმართულებითაა და ნაკლებად უწყობს ხელს ბიზნესისა თუ ეკონომიკის განვითარებას. ბევრ შემთხვევაში მთის რეგიონის მოსახლეობას ურჩევნია ოფიციალურად არც კი იმუშაოს, რომ დახმარება არ გაუუქმდეს. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა სხვა სახის, ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ხელშეწყობები. ამ კანონით ტურისტული სფერო საერთოდ ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობს. მაგალითად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მიწის და ქონების გადასახადი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის სეზონური ბიზნესი და 6 თვის განმავლობაში აქ არაფერი ფუნქციონირებს, გადასახადის გადახდა კი მაინც გვიწევს. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენნაირ ბიზნესებს გარკვეული ბენეფიტები ჰქონდეთ", - განმარტავს დავით ჭიჭინაძე.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, AltiHut-ის გუნდი ახალი სამთო სამაშველო „ქოხის“ პროექტზე მუშაობს აქტიურად, რომელიც ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება. ამჟამად მოლაპარაკება სახელმწიფოსთან მიმდინარეობს მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით და სხვა დეტალებზე საუბარი ნაადრევი იქნება. ასევე, პარალელურად, AltiHut-ის გუნდის არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და გამართვაზეა  ფოკუსირებული.

"რა თქმა უნდა, უამრავი იდეა გვაქვს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ბოლომდე გავმართოთ და კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ არსებული სერვისები, ასევე მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება და დავამკვიდროთ დაცულობის განცდა, რისი მიზანიც ჩვენი ახალი პროექტის განხორციელებაა. ჩვენი დიდი მიზანია საქართველო იაფი ტურიზმიდან გადავიყვანოთ მდგრადი ტურიზმისკენ, რადგანაც დღესდღეობით ბევრი ტურისტი ბუნებას მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე შემოსავალი შემოაქვს ქვეყნისთვის ", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

AltiHut-ი ძირითადად 12 ადამიანს ასაქმებს, თუმცა მისი დამფუძნებლის ცნობით, კადრების შერჩევაც საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი საქმიანობა და აქ დასაქმებულ ადამიანს ბევრი უნარი სჭირდება.

ინფორმაციისთვის, სამთო თავშესაფარში ღამის გათევა და ორჯერადი კვების მიღება სეზონის მიხედვით იცვლება და 280-310 ლარს შორის მერყეობს. აქ დაახლოებით 35 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება აღნიშნულ ბიზნესში ჩადებულ ინვესტიციას, ის 500 000 დოლარს აღემატება, რომლის დიდი ნაწილი დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია, ნაწილი კი თიბისი ბანკის სესხით დაფინანსდა.