10.მაისი .2022 16:13

დავით სონღულაშვილი: 2003-2012 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 1 ჰესი, 2012-2020 წლებში - 37

დავით სონღულაშვილი: 2003-2012 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 1 ჰესი, 2012-2020 წლებში - 37
views 1064
უკან

საქართველოში 2012-2020 წლებში ექსპლუატაციაში 37 ჰიდროელექტროსადგური შევიდა, რომლის დადგმული სიმძლავრე 650 მეგავატი იყო, ინვესტიციის მოცულობა კი 1.319 მლრდ დოლარი - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ქვეყნის მმართველობაში მოსვლის შემდეგ ბიზნესგარემოში განხორციელებული ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის გადასახადის „დაკისრების“ და იძულებით სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების დაფინანსების შიში არ აქვთ.

„დღეს ეკონომიკის განვითარება არ მიმდინარეობს საჭირო ტემპებით, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი ბიზნეს გარემოს შექმნა განაპირობებს კომპანიების გააქტიურებას ინვესტირების კუთხით, ახალი ინოვაციური ბიზნესპროექტების განვითარების კუთხით, რაც აუცილებლად მოხდება მსოფლიოსა და რეგიონში სიტუაციის დასტაბილურების და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი არასწორად მიიჩნევს, სხვადასხვა ხელისუფლების დროს ეკონომიკების შედარებას და ამბობს, რომ მსგავსი ნარატივი მცდარია, რადგან ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტული პერიოდის გარემო ფაქტორებზე, მსოფლიო ეკონომიკურ ვითარებაზე, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, პანდემიების გავლენის მასშტაბზე. მიუხედავად ამისა დავით სონღულაშვილმა პარლამენტარებს როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების“ მმართველობის შემდეგ მიღწეული შედეგები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის რიცხვებს შეადარა:

„რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:

o ბიუჯეტის შემოსულობები 2012: 8,6 მილიარდი ლარი, ახლა 15 მილიარდ ლარზე მეტია;
o ეკონომიკა (მშპ) 2012 წელს 26 მლრდ, ჩვენი ხელისუფლების დროს ორჯერაა გაზრდილი;
o პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: მმართველობის 7 წლიან პერიოდებში „ქართული ოცნების“ პირობებში შემოვიდა 2,525 მლრდ დოლარით მეტი უცხოური ინვესტიცია;
o გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ შვიდ წლიანი მმართველობის დროს მოზიდული ინვესტიციები 1,580 მლრდ-ით აღემატება 2004-2012 წლების 9 წლიანი მმართველობის პერიოდს;
o ტურიზმი: 2012 წელი 4.7 მლნ ვიზიტორი და მიღებული შემოსავალი 1,41 მლრდ დოლარი, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს რიცხვები მინიმუმ ორჯერაა გაზრდილი;
o გზები: 2007-2012 წლებში განხორციელდა 68 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, 2013-2020 წლებში კი განხორციელდა 190 კმ/ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა;
o 2006-2012 წლებში ავტობანზე ყოველწლიურად შენდებოდა საშუალოდ 10 კმ, ხოლო ჩვენი გუნდის ძალისხმევით, სამუშაოების ტემპი 2.5-ჯერ გაიზარდა და 2013-2019 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად შენდებოდა 25 კილომეტრი გზა;
o გაზიფიკაცია: 2004-12: 172,7 ათასი ახალი აბონენტი, ხოლო 2013-20 : 320 ათასი ახალი აბონენტი;
o ახალი ჰესები: 2003 – 2012 წლის ოქტომბრამდე ექსპლუატაციაში შევიდა: 1 ჰესი „ხადორი ჰესი“ – 24 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ხოლო 2012-2020: ექსპლუატაციაში შევიდა 37 ჰიდროელექტროსადგური ჯამური დადგმული სიმძლავრე 650 მეგავატი (ინვესტიცია 1.319 მლრდ დოლარი);
o ქარის ენერგია2004-2012: 0, 2012-2020 20,7 მგვტ. (2016წ, 34 მილიონი);
o ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 2012 წელს 457 700 აბონენტი, 2019 წელს 941 000 აბონენტი (ზრდა 94,7%) და ა.შ.

მეგობრებო, ეს, რაც მე ჩამოვთვალე არის იმის შედეგი, რომ ადრე თუ ისეთ დარგებში კეთდებოდა ინვესტიციები, რომელსაც ჰქონდა სწრაფი ამონაგები, ახლა ჩვენ ორიენტირებულები ვართ მდგრად შედეგებზე.

იმიტომ, რომ ჩვენი მიზანია, ყველას დავანახოთ, რომ სწორედ გრძელვადიან შედეგებზე ვფიქრობთ და რა თქმა უნდა, ამაში სახელმწიფოს როლი არის უმნიშვნელოვანესი მისი ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებისა და იმ ხელის შემწყობი ფაქტორებით, რომელიც ბიზნესის ზრდასა და მოსახლეობის თანამონაწილეობას უზრუნველყოფს დოვლათის შექმნაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ეკონომიკისთვის კი არ უნდა გაიზარდოს, არამედ თითოეული მოსახლის კეთილდღეობაზე უნდა ისახებოდეს.

ჩემი თხოვნა იქნება, რომ ოპოზიციამ თავი დაანებოს უსაგნო დავას, გავაანალიზოთ და არა ვიდავოთ აღნიშნულ საკითხებზე და რაც მთავარია, ემოციები გადავდოთ გვერდით და ვაკეთოთ საქმე, ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა