მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: უნდა შევქმნათ თუნდაც სასათბურე პირობები, რომ ჩინური კომპანიები დავაინტერესოთ

60181f9dcd319
თელარა გელანტია
02.02.21 09:00
2021
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის აზრით, იმისთვის, რომ საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით არსებული რესურსი გამოიყენოს, ქვეყანაში დიდი კომპანიები უნდა შემოვიდეს, რომლებიც მსხვილ ინვესტიციებს განახორციელებენ.

ამის შესახებ ბიზნესმენმა bm.ge-ის განუცხადა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობების შეთანხმების ეფექტის შეფასებისას, რომლის ამოქმედებიდან 3 წელი გავიდა და 2020 წელს საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი სწორედ ჩინეთი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად პანდემიისა, როცა ვირუსმა მათ შორის მიწოდების ჯაჭვებიც სერიოზულად არია, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 113%-ით $476 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ზრდა, ძირითადად, სპილენძის მადნებს უკავშირდება, რისი ექსპორტიც შარშან გაორმაგდა.

ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს „განუზომელ შესაძლებლობას“ აძლევს.

„შესაძლებლობები რომ გამოვიყენოთ, დიდი კომპანიები, მსხვილი ინვესტიციები გვჭირდება. მაგალითად, შეგვიძლია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დავარწმუნოთ კომპანიები, რომ საქართველოში ჩადონ ინვესტიცია და ექსპორტი აქედან განახორციელონ, რადგან მათ არ აქვთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. აქ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, თუნდაც სასათბურე პირობები, რომ მათ აინტერესებდეთ საქართველო და აქ გახსნან კომპანიები, აქ აწარმოონ პროდუქცია და აქედან გაყიდონ. ეს ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, ბიუჯეტში გადასახადების შეტანას და ა.შ.“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

Bm.ge-ის კითხვაზე - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანად გამოყენებისთვის, ხომ არაა საჭირო სახელმწიფო პროგრამების მიზნობრიობა გაიზარდოს და თანადაფინანსება თუ სხვა ხელშეწყობა იმ კომპანიებმა მიიღონ, ვინც საექსპორტო პროდუქციას ქმნის, ბიზნესმენი ამბობს, რომ „ბიზნესი თვითონ მიხვდება რა აწარმოოს და - რამდენი“.
„ბიზნესის საქმიანობაში ღრმად ვერ ჩაერევა სახელმწიფო“, - დასძინა ლაშა პაპაშვილმა.