მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU ხაშურის წყალმომარაგების რეაბილიტაციას €7.15 მლნ-იანი გრანტით დააფინანსებს

605da01a9eff7
BM.GE
26.03.21 12:56
1006
ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციისთვის - შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. 

ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის ჯამური მოცულობა 65 მლნ ევროს შეადგენს და რომლის მიზანსაც ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს.

"ამჟამად ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება, ხოლო ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება ტრანსსასაზღვრო მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე, ადგილობრივ საქმიანობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე,"- ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტს ახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი. პროექტი აძლიერებს UWSCG-ის ოპერაციულ შესაძლებლობებს წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურაში გაკეთებული ინვესტიციების მდგრადობის განმტკიცების მიზნით.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას და დაეხმარება ქვეყანას სხვადასხვა სფეროს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში, მათ შორის გარემოსა და კლიმატის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში. პროექტი დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2026 წელს.

”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ევროპის გუნდის (Team Europe) პარტნიორთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) ერთად მხარს ვუჭერთ ხაშურის წყლის სექტორის ამ მნიშვნელოვან პროექტს. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციით, პროექტი ადგილობრივად ხელს შეუწყობს მრავალი ადამიანის სიცოცხლის ხარისხისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი საერთო ინვესტიციის წყალობით, გაუმჯობესდება ჩამდინარე წყლების მართვა და აღარ მოხდება მიმდებარე მდინარეებისა და ნიადაგის დაბინძურება, “- განაცხადა EU-ს ელჩმა კარლ ჰარცელმა.

”დღევანდელი ინვესტიცია, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სესხის სახით, რომელსაც თან ერთვის ევროკავშირის გრანტი, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და გაფართოების მიზნით აჩვენებს, თუ როგორ ახდენენ დასავლელი პარტნიორები საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების მობილიზაციას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას. ჩვენ, ევროპის გუნდი (Team Europe), საქართველოს მეგობრები ვართ ყველანაირ ამინდში, იქნება ის მზიანი, წვიმიანი, კარგი თუ რთული და ჩვენ მოხარული ვართ ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს უფრო ევროპელი, საქართველოსთვის მრავალი სარგებელი მოაქვს”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.