მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი, სავარაუდოდ, 6 თვეზე მეტხანს არ ნარჩუნდება

5ece273478496
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.20 00:00
1656
Euronews-ი ამსტერდამის უნივერსიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტს ადამიანი, სავარაუდოდ, ექვს თვეზე მეტხანს ვერ ინარჩუნებს.

გამოცემის მიხედვით, კვლევაში, რომელიც ჰოლანდიაში ჩაატარეს, 35 წელს გადაცილებული 10 მამაკაცი მონაწილეობდა. მისი მიზანი იყო, ინფექციისგან განკურნების შემდეგ სხეულში წარმოქმნილი ანტისხეულების დონე დაედგინათ.

მეცნიერებმა კვლევაში მონაწილე პირებს კორონავირუსზე ტესტი სამი და ექვსთვიანი ინტერვალით გაუკეთეს.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, „კორონავირუსის მიმართ დამცავი იმუნიტეტი ძალიან მოკლე პერიოდი გრძელდება, რაც საგანგაშოა“.

მეცნიერების თქმით, ადამიანების კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების შემთხვევები განკურნებიდან 12 თვეში ხშირია, ხოლო ანტისხეულების დონე ინფექციის დაძლევიდან ექვს თვეში საგრძნობლად იკლებს.

ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანებში გავრცელებული კორონავირუსები ბიოლოგიურად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.

„მიუხედავად ამისა, ყველა მათგანის იმუნიტეტი ძალიან მოკლე პერიოდი გრძელდება“, – აცხადებენ მეცნიერები.

„კოვიდ-19“-ის გამომწვევი ვირუსი „სარს-კოვ-2“ მომავალში თუ იქცევა სეზონურ კორონავირუსად, მაშინ მოსალოდნელია, რომ მის მიმართ იმუნიტეტიც მოკლე ხანს შენარჩუნდება“, – აცხადებენ ამსტერდამის უნივერსიტეტის მკვლევრები.

მათივე განცხადებით, კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ქვეყნის ინიციატივა, „კოვიდ-19“-ისგან განკურნებულ პაციენტებს ე.წ. იმუნიტეტის პასპორტები გადასცენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ასევე, საეჭვოა ე.წ. მასობრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების იდეაც.

„იმუნიტეტი თუ შეიძლება, ექვს თვეში გაქრეს, ფუნქციონალური მასობრივი იმუნიტეტის მიღწევის პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა“, – აცხადებენ მეცნიერები.