მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: რატომ არ ტოვებს დასავლური კომპანიების ნაწილი რუსეთის ბაზარს?

6242db6d418f3
მარიამ ადამია
30.03.22 00:40
1710

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული  სანქციების ფონზე, პირველივე თვეში, რუსეთის ბაზარი ათასობით ბიზნესმა დატოვა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, სანქციები იყო, მეორე მხრივ, თავად ბიზნესს არ სურდა ფულის გამომუშავება იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც უკრაინის ტერიტორიაზე ბომბებს ისვრის. კომპანიების ნაწილმა პირდაპირ შეწყვიტა ბაზარზე ოპერირება, ნაწილმა კი, მაღაზიები, სასტუმროები თუ ქარხნები გაყიდა და გამოვიდა ქვეყნიდან. თუმცა არიან ბრენდები, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი და გიგანტი კომპანიები, რომლებმაც ისევ გააგრძელეს რუსეთში მუშაობას. მათ შორის იყო, მაგალითად Renault-იც. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. 


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ფრანგული კომპანია, მათ შორის Renault-ი დაასახელა, რომლის ქარხანაც მოსკოვში ჯერ კიდევ მუშაობდა და რომელიც ღია დარჩა მაშინ, როდესაც სხვა ბრენდებმა, მაგალითად როგორიცაა Volkswagen-ი, შეაჩერა რუსეთში  ბიზნესის წარმოება. ზელენსკის მხრიდან საავტომობილო გიგანტის საჯაროდ გამოცხადებამ კი, ფაქტობრივად მყისიერი გავლენა მოახდინა და მალევე Renault-მა გამოაცხადა, რომ რუსეთში წარმოებას შეწყვეტს და პარალელურად, AvtoVaz-ში, რომელიც Lada-ს ავტომობილებს აწარმოებს, საკუთარ წილს გადახედავს. 


რა არის დაგვიანების მიზეზი?

როგორც Renault-ის წარმომადგენლები განმარტავენ, კომპანიას, მოსკოვის ქარხანაში ორი ათასი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, ხოლო AvtoVaz-ს 45,000, შესაბამისად, ფრანგულმა კომპანიამ განაცხადა, რომ უნდა დაიცვას მათი ინტერესები და მოიქცეს პასუხისმგებლობით თანამშრომლების მიმართ. 

ასევე, მარტის დასაწყისში ზელენსკიმ დაასახელა საკვების მწარმოებელი Nestlé და Mondelez-ი, სამომხმარებლო საქონლის მწარმოებლები -  Unilever-ი და Johnson & Johnson-ი, ევროპული ბანკები Raiffeisen-ი და Societe General-ი, ელექტროტექნიკის კომპანიები: Samsung-ი და LG, ქიმიკატების მწარმოებელი კომპანიები: BASF და ფარმაცევტული კომპანია Bayer-ი და Sanofi და აღნიშნა, რომ  მიმდინარე მოვლენების ფონზე, მათ მაინც გადაწყვიტეს ოკუპანტ ქვეყანაში ბიზნესის კეთება. აღნიშნული განცხადების შემდეგ, ზოგიერთმა კომპანიამ და მათ შორის Samsung-მა, რუსეთში ოპერაციები შეაჩერა. 

კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც კრიტიკის ობიექტი გახდა ბრიტანული Marks and Spencer-ია, რომლის 48 მაღაზია რუსეთში ჯერ კიდევ ღიაა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. კომპანიაში 1200 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ მაღაზიები თურქულ კომპანიაზეა ლიცენზირებული, რომელიც მათ ფრენჩაიზის ხელშეკრულებით მართავს. ასე რომ, დახურვა არ შეუძლიათ. თუმცა, M&S-მა  მარტის დასაწყისში,  საქონლის მიწოდება თურქული ფრენჩაიზის მფლობელთან უკვე შეაჩერა და საბოლოოდ, რუსული მაღაზიების თაროებზე, მარაგები შემცირდება. პარალელურად, უკრაინელი  ხალხისადმი მხარდაჭერასაც გამოხატავენ. 

Marks&Spencer-ის მსგავსი პრობლემა სწრაფი კვების ობიექტებსაც აქვთ და ფრენჩაიზის ხელშეკრულებაზე არიან დამოკიდებული. მათ შორისაა მაგალითად, Mcdonald's-ი, რომელიც რუსეთში 62 ათას ადამიანს, 800-ზე მეტ ლოკაციაზე ასაქმებს. მიმდინარე თვის დასაწყისში კორპორაციამ გამოაცხადა, რომ ყველა მათგანს დროებით დახურავდა, მაგრამ დაახლოებით 100 რესტორანი ფრენჩაიზია, ამიტომ ისინი რჩება ღია. 

ასევე, რუსეთში მომხმარებლებს დაახლოებით Burger King-ის 800 რესტორანში შეუძლიათ მომსახურების მიღება, რადგან მათ ადგილობრივი რუსული კომპანია მართავს და მათი გარიგება უმოკლეს დროში ბაზრიდან გასვლას შეუძლებელს ხდის.

"გვსურს თუ არა დაუყოვნებლივ შეჩერდეს Burger King-ის ყველა ოპერაცია რუსეთში? დიახ, გვსურს.  შეგვიძლია თუ არა დღეს ოპერაციების შეჩერება? არა", - ამბობს RBI-ის პრეზიდენტი, დევიდ შირი.

ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა სენდვიჩების ქსელი Subway-იც, ამიტომ კომპანიას მათი დახურვა არ შეუძლია. თუმცა, Subway-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში მიღებული მოგება უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.

Nestlé კიდევ ერთი ბრენდია, რომელიც რუსეთში ბიზნესის არშეწყვეტის გამო გააკრიტიკეს. შედეგად, შვეიცარიაში დაფუძნებულმა საკვებისა და სასმელების კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ რუსეთში ოპერაციების უმეტესობას დაასრულებს - მაგრამ ბავშვთა კვების მიმართულებით საავადმყოფოების მომარაგებას ისევ გააგრძელებს. ანუ ეს ნიშნავს რომ ბრენდი სრულად ბაზრიდან არ გადის. 

ხოლო ტკბილეულის და შინაური ცხოველების საკვების მწარმოებელმა კომპანია Mars-მა, რომელიც რუსეთში ათწლეულების განმავლობაში ბიზნესს აწარმოებდა და დაახლოებით 6000 თანამშრომელსა და რამდენიმე ქარხანას მართავს, განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალ ინვესტიციებს, იმპორტს და ექსპორტს შეაჩერებს, მაგრამ მაინც გააგრძელებს შინაური ცხოველებისა თუ ადამიანების საკვების გაყიდვას, თუმცა პირობას დებენ, რომ რუსული ბიზნესიდან მიღებული მოგება, სრულად ჰუმანიტარულ მიზნებს მოხმარდება.