06.მაისი .2020 23:00

Euronews: როგორ შეცვლის პანდემია ქალაქებს მსოფლიოში?

views 517
უკან

ხალხმრავლობის შიში, სოციალური დისტანცია, მუშაობა სახლიდან, მოგზაურობის შეზღუდვა - ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან დასრულდება, თუმცა პროცესები ასე უკვალოდ არ გაქრება და შეცვლის არა მხოლოდ ადამიანების ცხოვრების სტილს, არამედ ქალაქებს და მათ სტილს. მაგალითად პანდემიის დასრულების შემდეგაც, სუპერმარკეტებსა და სხვა ხალხმრავალ დაწესებულებებში ისევ შევხვდებით მარკირებულ იატაკებს, რომლებიც ფიზიკურ დისტანციაზე მიგვითითებენ. ბარიერებს ვერ გავექცევით ვერც პარკებში, სანაპიროებსა და ქუჩებში. ამის შესახებ Euronews-ი წერს. 

პარალელურად ექსპერტები შიშობენ, რომ კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სანიტარული ზომების დანერგვა, თანხვედრაში არ მოდის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქთან, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა მოუწევთ, იმის გამო რომ ხალხმრავლობა არ იყოს გადაადგილებისას. ხოლო მთავარი საფრთხე ამ დროს ავტომანქანებს უკავშირდება, რომლებიც შესაძლოა იმაზე მეტად გამოიყენონ ადამიანებმა, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო, რაც შესაბამისად დააბინძურებს გარემოს. თუმცა მანქანების გაზრდილი რაოდენობა მაინც გარდაუვალია, რადგან ადამიანებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ხალხმრავლობის შიში ექნებათ.

ამ დროს ყველაზე იაფი და ეფექტიანი ალტერნატივა ისევ და ისევ ველოსიპედია, ხოლო იმისათვის რომ ველო-მარშრუტები იყოს ხელმისაწვდომი, ქალაქებში რადიკალური ცვლილება არ არის საჭირო. რადგან ეს სატრანსპორტო საშუალებები იკავებენ იმ ადგილს, რომელიც შესაძლებელი იქნება ურბანული ცენტრების ტროტუარების გასაფართოებლად და ხალხს შორის მანძილის უზრუნველსაყოფად. ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მაგალითად მადრიდი, სადაც ველოსიპედით სიარული უკვე დაიწყეს ადამიანებმა, ფიქრობენ, რომ ტენდენცია მხოლოდ გაძლიერდება და მსგავსად ნიდერლანდებისა ველო-ქალაქად გადაკეთდება. მსგავსი პოლიტიკის შემუშავებას კიდევ არაერთი ევროპული ქალაქი ცდილობს. მათ შორის მილანი, სადაც შესაბამისი ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ხოლო საფრანგეთში 20 მილიონი ევრო გამოიყო ტრანსპორტის ამ სახეობის განსავითარებლად.

რაც შეეხება სახლებს, არქიტექტორების განმარტებით, თანამედროვე არქიტექტურა გაცილებით უსაფრთხოა ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი რამ. რადგან, წლების განმავლობაში ტუბერკულოზთან ბრძოლამ, მშენებლობის სფეროში სტანდარტები და მიდგომები შეცვალა, შესაბამისად, დღეს ახალი სახლები უფრო დაცული და ჰიგიენურია. არქიტექტურის მოდერნიზაციას სწორედ დაავადებებს უკავშირებენ და ეს არ ეხება მხოლოდ თანამედროვე მასალებსა და ტექნოლოგიებს. ამიტომაც დაავადებების შიშის გამო, წლების განმავლობაში, სახლების ზომა გაიზარდა და დაიწყეს ვენტილაციაზე ზრუნვაც. ასე რომ დღესაც და მომავალშიც ყველაზე უსაფრთხო სივრცე, სახლი იქნება.