მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euronews: უკრაინელი ფერმერები რუსული ბომბებისგან მოსავლის გადარჩენას ცდილობენ

62a875e29bab6
მარიამ ადამია
15.06.22 00:02
932
"უკრაინელი ფერმერები ყოველდღიურად იბრძვიან, რათა რუსული ბომბებისგან მოსავალი გადაარჩინონ. სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი იმ სექტორებს შორის, რომელიც ომის პარალელურად, ქვეყანაში ჯერ კიდევ მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს მისი განადგურება სურს", - ამბობს უკრაინელი ფერმერი, რომელსაც რუსული ჭურვებისგან, დაახლოებით, 2000 ჰექტარის მოშორებით, ხორბალი და მზესუმზირა მოჰყავს. თემაზე მასალას Euronews აქვეყნებს.

მოსავლის აღების სეზონი ქვეყანაში რამდენიმე კვირაში დაიწყება. ფერმერის თქმით, ნათესები დღეს სრულიად დაუცველია და უდიდესი რისკია, რომ ხანძარი გაჩნდეს და მოსავალი განადგურდეს, რაც, ფაქტობრივად, “ჯოჯოხეთი” იქნება.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში, მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილეს, მეოთხე ექსპორტიორ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, კიევმა არაერთხელ დაადანაშაულა ოკუპანტი ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განადგურებაში, რომელიც გლობალურ სასურსათო კრიზისს გამოიწვევს.

თავის მხრივ, მოსკოვი, რომელიც მიმდინარე ომს "სპეცოპერაციას" უწოდებს, სურსათის ექსპორტის შემცირებასა და გლობალურად ფასების ზრდაში დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებსა და უკრაინის მიერ დადებულ საზღვაო ნაღმებს ადანაშაულებს. გასულ კვირას, ერთ-ერთ ქარხანას ხუთი ჭურვი დაეცა, რის შედეგადაც უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო ტერმინალს გემების ჩატვირთვა ან გადმოტვირთვა აღარ შეეძლო. უახლესი სტატისტიკით, რეგიონის სასოფლო-სამეურნეო ობიექტებმა დაახლოებით, 1,11 მილიარდი ევროს ზარალი განიცადეს და ეს მაჩვენებლებიც მზარდია, რადგან ომის დროს არავის შეუძლია მოსავლის უსაფრთხოების დაცვა. გარდა ამისა, იწურება სასუქის მარაგებიც.

"საწვავისა და სასუქების ფასი გაიზარდა. არ ვიცი, როგორ ვიმუშავებთ მომავალ წელს", - ამბობს ფერმერი, რომელსაც ომის პარალელურად ხორბალი მოჰყავს. "ზოგიერთ მოვაჭრეს, ხორბალზე ომამდელი ფასის მესამედის გადახდა უნდა, არადა ფერმერების ფინანსური რესურსები მცირდება და ეს მოსავალიც უდიდესი რისკის ფასად არის მოყვანილი, ამიტომაც სექტორი უდიდეს კრიზისშია", - დასძინა უკრაინელმა ფერმერმა.

გამოცემის ცნობით, სექტორი იმედებს ამყარებს დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რომელმაც შესაძლოა, შავ ზღვაზე ბლოკადის მოხსნა შეძლოს.