მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ბიზნესს ყაზახეთის საექსპორტო ბაზარზე მკაფიო წარმოდგენა არ აქვს" - ჯახუტაშვილი

62cc0689bebfb
თათია ჩაფიჩაძე
11.07.22 23:00
1090
საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი გასამმაგდა, თუმცა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ბაზარზე ვაჭრობის პოტენციალი გაცილებით დიდია. გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ დღეს ქართველი მწარმოებლები ამ ბაზრის ათვისებას დაბალი ცნობადობის გამო ვერ ახერხებენ.

ამ მიზნით გაერთიანება შემოდგომაზე საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო მისიის მოწყობას გეგმავს, რომელიც დაინტერესებულ მეწარმეებს ადგილობრივი დისტრიბუტორებისა და ქსელების წარმომადგენლების გაცნობის საშუალებას და სამომავლო პარტნიორობის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

„კარგია რომ გასამმაგებულია ვაჭრობა, თუმცა მე ამით მოხარული ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ეს არ არის იმ პროდუქტებით ნავაჭრის ზრდა, რომელიც საქართველოშია ნაწარმოები. თუ ჩავხედავთ სტატისტიკას ექსპორტის ძირითადი მატება მოდის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე და პლუს ისეთი ტვირთების, რომელიც საქართველოში არ იწარმოება. კარგია რომ ყაზახმა და ქართველმა მცირე მეწარმეებმა მოძებნეს შანსი რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გამოიყენონ გარკვეული ტვირთების საქართველოში შესასყიდად და ყაზახეთში გასატანად, ეს ხელს უწყობს ორმხრივ ვაჭრობას, სატრანსპორტო ჯაჭვის განვითარებას, თუმცა პოტენციალი ბევრად მეტია.

საქართველოში ძალიან ბევრი მეწარმე საუბრობს იმაზე, რომ ვერსად ახერხებს ექსპორტს რუსეთის ბაზრის მიღმა. შუა აზიის ბაზარი 100 მლნ-იანია, სადაც სტანდარტების მიმართ მოთხოვნები ნაკლებია, მაგრამ ამ ბაზარზე ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელი კომერციული ურთიერთობებია. ქართული პროდუქცია ვერ ხვდება მაღალი ღირებულების ბაზარზე. შუა აზია კი მაღალი ღირებულების ბაზარია, ის გადახდისუნარიანია.

ჩვენ ამას ვაკვირდებით და გარკვეული დადებითი ეფექტი შეინიშნება, თუმცა გვჯერა რომ საქმიანი კავშირი, ცნობიერების ამაღლება ექსპორტიორთა წრეში გაცილებით უკეთეს მაჩვენებლებზე გაგვიყვანს. გაზაფხულზე დავგეგმეთ ყაზახეთიდან საქართველოში სავაჭრო მისია, სადაც ჩამოვიყვანეთ ყაზახი მწარმოებლები და გავაცანით ქართველი იმპორტიორები და ქსელები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის საფრთხეები იყო, ამასთან, უკრაინის საექსპორტო ბაზარი ფაქტობრივად ჩაკეტილია... პროდუქტებზე უსაფრთხოების ბალიში უნდა გაკეთებულიყო. დღეს სტატისტიკაში გამოჩნდა ყაზახური მაკარონი, ფქვილი თუ სხვა პროდუქტები, რომელიც აქამდე სრულად რუსეთიდან შემოდიოდა.

დღეს ვაჭრობის ზრდისთვის აუცილებელია სისტემატიზაცია და ნაცნობობა ამ ბაზრებზე. თუ დავაკვირდებით ექსპორტის სტატისტიკას, დავინახავთ რომ ქართული წარმოების მზარდი მიმართულებაა ღვინოები, მინერალური და არამინერალური წყლები, მცირედით იზრდება ლიმონათის ნაწარმი. პროდუქტს, რომლის მწარმოებელსაც ბაზარზე შესვლის მკაფიო ხედვა აქვს და თაროზე დასადებად ელემენტარულ სტანდარტს აკმაყოფილებს, დიდი პოტენციალი აქვს ყაზახურ ბაზარზე. თუმცა ქართულ ბიზნესს არ აქვს მკაფიო წარმოდგენა ყაზახეთის საექსპორტო ბაზარსა და ათვისების შესაძლებლობაზე. ყაზახეთი არის ნომერ მეცხრე ტერიტორია მსოფლიოში, ქართველ ექსპორტიორს უნდა ჰქონდეს დაგეგმილი რომ მისი მოცულობიდან გამომდინარე, პროდუქცია პირობითად ყაზახეთის „იმერეთში“ გაიტანოს და არა უბრალოდ ყაზახეთში. ყაზახეთთან ხელს გვიწყობს ის, რომ თითქმის 5 ქალაქიდან არის ფრენები, დაფარვის ზონა არის 6 მლნ მოსახლე, ეს ორჯერ დიდია საქართველოზე.

საქართველო ყაზახეთის მიმართულებით გვინდა სავაჭრო მისიის გაკეთება შემოდგომაზე, გამოცხადდება შესავსები განაცხადები, ყველა მსურველი რომ დარეგისტრირდეს, ვიღებთ ორთვიან პერიოდს, რათა დავამუშაოთ მონაცემები და გარკვეულწილად რეკომენდაციები მივცეთ მოსამზადებელი ეტაპისთვის. ეს იქნება ნაცნობობის გაზრდა, საშინაო დავალების სახით უნდა იყოს აღქმული ექსპორტირებისთვის, რათა მომდევნო წელს ამ ბაზარზე გასასვლელად მოემზადონ.

ძნელი მოსასმენია რომ რუსეთის ბაზარი იკეტება და ვერ გაგვაქვს პირობითად კენკრა სხვა ბაზარზე. იმედი გვაქვს კონკრეტულ სექტორებში სტაბილური ზრდის მიღწევას შევძლებთ", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ჯახუტაშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, წელს, 5 თვეში ყაზახეთში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 63,868 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 20,858 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მაისში ყაზახეთიდან 13,968 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, 2021 წლის 5 თვეში - 7,772 მლნ აშშ დოლარის.